სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო.

დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე წარიმართება. ამასთან, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 4 ოქტომბრამდე უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, დასწრების ფორმატი უზრუნველყონ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან აუდიტორიებში. ამისათვის კი, სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, კვირაში ერთხელ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა „კოვიდის“ გადატანის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაჩხენკელი – პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია