სკოლადამთავრებულები განაცხადის შევსებიდან 10 დღის ვადაში ატესტატს უფასოდ მიიღებენ

სკოლადამთავრებულებს დღეიდან, განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება საქართველოს იუსტიციის სახლში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზნაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადეს, ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დოკუმენტის გაცემა კი, განაცხადის შევსებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ მოხდება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას მოუწევს საფასურის გადახდა. განაცხადის შევსებიდან ატესტატის ერთ დღეში მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, 2 დღეში დამზადების საფასური 40 ლარს შეადგენს, 3 დღისთვის გათვალისწინებულია 30 ლარი. იმ შემთხვევაში კი, თუ განმცხადებელს 5 დღეში სურს ატესტატის მიღება, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

მიმდინარე წელს 12 კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამასთან, იუსტიციის სახლი, რიგში დგომიდან თავიდან აცილების მიზნით, მათ რეკომენდაციის სახით სთავაზობს, რომ დოკუმენტის მისაღებად 16:00-დან 18:00 საათამდე გამოცხადდენ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: რუსეთი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს, რომ ის ნატოს შეუერთდეს
შემდეგი სტატიანათელაშვილი:” ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას გეგმავს – მიმართვა პრეზიდენტს