N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაკვეთით მიიღეს.
„ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება.
სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას. მათ სინდისზე იყოს და ვუსურვებდი, რომ მათ ოჯახებში და სახლებში ასეთი ტრაპაიძეები და სხვები ესტუმრონ და ასეთი პროცედურა ჩაუტარონ“, — განაცხადა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ირმა დავითაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.
საგამოძიებო უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები ცხადყოფს, რომ დეესკალაციის ოთახში შემოწმების პროცესში მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.















