სხვა ქალაქში ჩაგვკეტეს, არანაირი ახსნა-განმარტება ამას არ მოეძებნება – ნიკა მელია

ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრობს. ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო ტალღა არ შეჩერდება.

ის ამბობს, რომ არაერთი ბარიერი შეუქმნეს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ თელავში აქცია ვერ გამართონ. მელიას თქმით, სამართალდამცავებმა გზა გადაუკეტეს და არც ფეხით გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.

„თელავთან მიმდინარე ტერიტორიაზე რომ შევეჩერებინეთ, კიდევ რაღაცნაირად გაიმართლებდნენ თავს და იტყოდნენ, რომ ინაუგურაციის ჩატარება უნდა უზრუნველვყოთ მშვიდად, სხვა ქალაქში ჩაგვკეტეს, არანაირი ახსნა-განმარტება ამას არ მოეძებნება,“ – ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ის ლიდერის თქმით, გურჯაანში მყოფი კოლონიდან სამი მძღოლი სცემეს და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

გურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.

თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად, მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაში(video) ინაუგურაციაზე დასასწრებად პრემიერი მივიდა – ბახტაძის განცხადება
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოპოზიციის მხარდამჭერებს ავტომობილის შუშები ჩაუმტვრიეს