სკანდალური ვიდეოების საკითხის გამოსაძიებლად საქართველო დახმარებას ამერიკას სთხოვს – მთავარი პროკურატურა

11-14 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტის გამოსაძიებლად საქართველო დახმარებას აშშ-ის სათანადო უწყებებს სთხოვს.

ამის შესახებ განცხადება დღეს მთავარ პროკურატურაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

როგორც სპიკერი-პროკურორი, კოკა ფრუიძე, აცხადებს, აღნიშნული საქმის გამოსაძიებლად “მიმდინარეობს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები”.

კერძოდ, მისი თქმით, “პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, გაცემულ იქნა სასამართლოს განჩინებები, რომლის თანახმად სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, youtube-ს, facebook-ს და google-ს სერვერებიდან – IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მოხმარებელის იდენტიფიცირება”.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მხარის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა facebook-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი განათლების მინისტრს თსუ-სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ორგანიზებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე თსუ-ში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს, შეხვედრას გამართავს