სკანდალური წიგნი ირანის შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის დაზვერვისა და უშიშროების სამინისტროზე მიმდინარე წლის ივნისიდან გაყიდვაში გამოვა

სკანდალური წიგნი ირანის შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის დაზვერვისა და უშიშროების სამინისტროზე მიმდინარე წლის ივნისიდან გაყიდვაში გამოვა.

shaxi
ვასილ პაპავას წიგნი ირანის შაჰის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროზე («SAVAK») მოგვითხრობს.
ნაშრომში აღნიშნულია, რომ შაჰის საიდუმლო პოლიცია “სავაქი”-ს მოღვაწეობამ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში საზოგადოების ყურადღება ხელახლა მიიპყრო. ბევრი ავტორი, რომელსაც ხელი არ მიუწვდებოდა არქივებზე და ფაქტებს ზედაპირულად იყენებდა, ძირითადად ტენდენციურ სტატიებს წერდა, სადაც იმ წყაროებს იყენებდნენ, რომელიც პრობლემის ცალმხრივ მონაცემებს ასახავდა. საერთო ჯამში, დაიკარგა ზომიერების გრძნობა და ობიექტურობა.
1953 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, შაჰმა გადაწყვიტა, შეექმნა ეფექტური შიდა უსაფრთხოების სამსახური, რათა გაეძლიერებინა მონარქიული რეჟიმი: კონტროლზე აეყვანა პოლიტიკური ოპონენტები; აღეკვეთა დისიდენტური მოძრაობა.
შაჰი განიხილავდა არმიას, როგორც რეჟიმის მთავარ მხარდამჭერ პოლიტიკურ-ძალისმიერ ინსტიტუტს. პოსტ-მოსადეყურ პერიოდში კი შაჰი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პოლიციისა და უშიშროების სამსახურების რეორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში დაიწყო ხისტი სისტემური რეპრესიები ოპოზიციური ჯგუფებისა და დისიდენტების მიმართ. მონარქიის უშიშროების სტრუქტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო “დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო”, შემოკლებით “სავაქი”.
მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო პოლიცია “სავაქი” ფართოდ იყო ჩართული “საბჭოთა საფრთხე”-სა და მემარცხენე ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში, საბოლოოდ, მისი დანიშულება შაჰის პოლიტიკური ოპონენტების იდენტიფიცირება და დაშინება იყო.
რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ საიდუმლო პოლიცია “სავაქი” პრაქტიკულად უკიდურესად რეპრესიულ-სადამსჯელო ზომებს იღებდა. პარტია “თუდე”-ს კომუნისტებისა და განსაკუთრებით მემარცხენე ისლამისტების (“ფედაინ-ე ისლამი” და “მოჯაჰედინ-ე ხალყი”) წინააღმდეგ მასობრივი ხასიათის რეპრესიები კიდევ ერთხელ მოწმობდნენ შაჰის რეჟიმისა და მისი საიდუმლო პოლიცია “სავაქი”-ს ყოვლისშემძლეობას.
აღსანიშნავია, რომ “სავაქი”-ს ოთხივე დირექტორი სიკვდილით დასაჯეს: გენერალ თეიმურ ბახთიარი ლიკვიდირებულ იქნა შაჰის ბრძანებით; გენერალი ჰასან ფაქრავანი (1961–1965), გენერალი ნემათოლა ნასირი (1965–1978) და გენერალი ნასერ მოყადამი (1978–1979) ხომეინისტების გამარჯვების შემდეგ, რევოლუციური ტრიბუნალის განკარგულებით, სიკვდილით დასაჯეს. ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის ფორმირების პროცესის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1979 წლის იანვარში ისლამის რევოლუციური საბჭოს შექმნა.

12966444_1006476369389870_680877886_n
აიათოლა ხომეინის სათავეში მოსვლისთანავე “სავაქი” დაიშალა და ის ჩაანაცვლა ახალმა საიდუმლო პოლიციამ და უშიშროების სამსახურმა “სავამა” (ირანის ინფორმაციისა და ეროვნული უშიშროების სამსახური). ეს აპარატი, რომელიც წევრთა რაოდენობით გაცილებით აღემატებოდა “სავაქი”-ს წევრთა რაოდენობას, შემდეგში “ინფორმაციის სამინისტროდ” იქნა წოდებული. მას ასევე ჰქვია “ვევაქი”, თუმცა ირანელები და ირანული პრესა არ იყენებენ ამ სახელს და ოფიციალურად “ინფორმაციის სამინისტროდ” მოიხსენიებენ.

banner
წინა სტატიაში„იმედი“ოპოზიციურ რელსებზე გადავა და ხელისუფლებაზე „წერტილოვან დარტყმებს“ განახორციელებს?
შემდეგი სტატიადღეს ხარებაა – ილია II საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს