სკანდალური წერილი ხაზარაძეს სავარაუდოდ ბიზნესმენმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა

შაბათის კურიერმა იმ შუამავლის ვინაობა გაარკვია, ვინც თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილი მიუტანა.

კურიერმა გაარკვია, რომ სკანდალური გზავნილი ხაზარაძეს გიორგი გახარიას მეზობელმა ბიზნესმენმა, ბადრი ჯაფარიძემ, გადასცა.

შუამავლის ვინაობა კურიერს თიბისი ბანკის დამფუძნებლის გარემოცვიდან ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუსახელა. ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას მეზობელია. თბილისში, ამაღლების 12-ში გახარია მეორე სადარბაზოში ცხოვრობს, ბიზნესმენი კი პირველში.

გიორგი გახარია დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ კორპუსში ცხოვრობს. მისი მეზობლები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, თავდაცვის ექსმინისტრი, დავით კეზერაშვილი და სხვა გავლენიანი ბიზნესმენები, მათ შორის ის, ვინც ხაზარაძეს სკანდალური წერილი მიუტანა.

მუქარის გზავნილის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა, თიბისი ბანკის დამფუძნებელს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ.

პირველი – ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად, ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე – ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე – ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, პოლიტიკურ კამპანიაში ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეაში საკვების დღიური ნორმა 300 გრამამდე ჩამოვიდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: “კოკა” ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს!