სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის საქმეს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი დაედო. ბრალდებულის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რის გამოც სასამართლო პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ, სრულად დახურული იქნება.
ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. მისი ინტერესების დამცველის, ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
„ბრალი ოფიციალურად წარედგინა, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.
ვინაიდან გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, სხვა დეტალების თქმის უფლება სამართლებრივად არ მაქვს. სასამართლო სხდომა უახლოეს საათებში ჩაინიშნება, სადაც წინასწარ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ“, — განაცხადა ტვ პირველის ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილმა.


















