სკანდალური მტკიცებულება – ფოთში პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლულ მამაკაცს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”, ფოთში, პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლული მამაკაცის ფოტოს ავრცელებს. ფოტოში ჩანს, რომ მამაკაც ტყვია თავში აქვს ნასროლი.
ფოტო ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ არის გადაღებული.
მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შს სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი ქურდობის ფაქტის დროს, დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ განახორციელა პოლიციელმა გასროლა. უწყების ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას გამოჰკითხავს