სკანდალური კადრები სოციალურ ქსელში – გეგუთის ციხის პატიმრის მამის პირველი კომენტარი

გეგუთის ციხის პატიმრის მამა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშრებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კადრები პატიმრისგან სასურველი ჩვენების მიღების მცდელობას ასახავს. გოჩა გუბელაძის თქმით, მისი შვილის, ნოდარ გუბელაძის დაკავებას წინ რამდენიმე შემთხვევა უძღოდა, რაც პატიმრის ოჯახს ბრალდებულზე ზეწოლის საფუძვლიან ეჭვებს უჩენს. გოჩა გუბელაძე ამბობს, რომ დაახლოებით, ერთი თვის წინ სამართალდამცველებმა მის შვილს სახლის გასაღები ჩამოართვეს, რამდენიმე დღეში კი სახლიდან იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს.
“ტანსაცმელების „შკაფს“ მიადგნენ პირველი, იცოდნენ, ნამყოფები იყვნენ, გამოაცურეს ჩანთა, ავტომატი იყო, მჭიდი, 32 ვაზნა დათვალეს, ჩემი შვილის ტანსაცმელები წაიღეს, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს. თქვი, რომ შენს შვილს წამალი იქიდან გამოაქვსო,“- განაცხადა გოჩა გუბელაძემ.
მე-12 არხის გავრცელებული ვიდეომასალა ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლების მიერ პატიმარზე ზეწოლას ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით მოქმედება ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში ხდება, სადაც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარს დნმ-ს ნიმუშის ჩაბარებას, ძალის გამოყენებით აიძულებენ.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შსს-ში აცხადებენ, რომ საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად.

banner
წინა სტატიაში„ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასურამში კაცი მოკლეს