სკანდალი – ზურაბ ბუღადაშვილი: საკანში შემოვიდნენ და მითხრეს, თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას ხელს არ დაადებ, პრობლემები შეგექმნებაო

20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მასთან, დაკავების შემდეგ, რამდენჯერმე ყალბი სახელებითა და გვარებით შევიდნენ და ოჯახის წევრებით დაემუქრნენ, თუ სასურველ ჩვენებას არ მისცემდა.

„4 ივლისს დაგვაკავეს, მერე გლდანის ციხეში გადამიყვანეს. 6 ივლისს, ღამის პირველს აკლდა 10 წუთი, ბადრაგს დავუძახე, თითქოს, წამალი მქონდა დასალევი და საათი მაინტერესებდა. ბადრაგმა მითხრა, რომ პირველს 10 წუთი აკლდა. პირველის ნახევარზე კარი გაიღო, კარანტინში 4 ვიყავით. დასალაგებლად შემოვიდნენ. საკანი დალაგდა, საკანში მარტო მე შევედი, დანარჩენი გადაანაწილეს. ვიფიქრე, რადგან პოლიტიკური მუხლი იყო, იგივე მუხლით დაკავებულებს შემოიყვანდნენ. 3-4 წუთში 2 პიროვნება სამოქალაქო ტანსაცმლით შემოვიდა, არც დამალეს, პირდაპირ მითხრეს, მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე იმას, რაც მათ უნდოდათ, შენს უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრეო, მითხრეს. ირონიულად გავიცინე, ეს აქამდე კინოში მქონდა ნანახი, ასე პირდაპირ, არც მოერიდნენ ისე მითხრეს. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ, შენი საქმის შენ იციო და გავიდნენ. როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არც ერთი კამერა არ არის. არავის გავაგებინე, არც ადვოკატს. ამ საქმეზე პოლიტიკური ელფერის შეძენა ხდებოდა და აღარ დავასხი ცეცხლზე ნავთი, ვიფიქრე ცოტას გადახარშავდნენ და აზრზე მოვიდოდნენ. მეგონა, რომ ეს 30 წლის წინ გავიარეთ და უკან თუ დავბრუნდებოდით არ მეგონა, თან ძალიან ღრმად უკან.

18 ივლისს, იგივე განმეორდა. წარსულშიც ნასამართლევი ვარ და რენდგენივით ვცნობ, ვინ ვინ არის. დადასტურებულად ვიცი, ვინ არიან ეს პიროვნებები, პროკურატურა შემოვიდეს და ვეტყვი ვინ იყვნენ. ყალბი სახელით და გვარებით არიან, სხვა საქმეებზეც მუშაობენ. პროკურატურასთან „ხოდი” გვაქვს და თქვი, სამივეზე თუ არა, ოქრუაშვილზე, ან უგულავაზე მაინცო. სახელი და გვარი ვიცი, მაღალჩინოსანია, პატიმარია და როგორც მითხრეს, მისი სახელი და გვარის გაცხადების უფლება არ მაქვს. პროკურორი თუ შემოვა, სახელს და გვარს დავუსახელებ და რომელ კამერაში ზის, იმასაც ვიტყვი.

6 წელი კი არა 26 რომ მომისაჯონ, ბოლომდე მივყვები! ციხეში ფსიქოლოგიური წამება მიდის! შემოვიდნენ არასამთავრობოები, პატიმრებს დარეკვას, პაემნებს უკრძალავენ.

იცოდეთ, მე ვზივარ ჩემს გამო და ჩემნაირების გამო. ერთ კვირაში ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ეს ჩემზე პირდაპირ სიგნალი იყო, მეორე ძმაზეც დაიწყო მუქარები, გერმანიიდან ჩამოგიყვანთო. თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი პროკურატურიდან არ იყვნენ. ამას სხვა ორგანო, მაგალითად, სუს-ი აკეთებს“, – განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ვერც დასკვნებს, ვერც ვარაუდებს გამოთქვამს, ამის არც უფლება აქვს და არც ვალდებულება. იაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მიეცემა, რაც კანონითაა გათვალისწინებული და რომ შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის შესაბამის ორგანოს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ უნდა განმარტოს, რა ეტაპზეა პრეზიდენტის შეწყალების სკანდალზე დაწყებული გამოძიება – სულხან სალაძე
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე ჟურნალისტებს – სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? – თავგასიებულს მეძახდა