სკანდალი – სამსახურებიდან დათხოვილები მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ

პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროდან წელიწადნახევრის წინ გაათავისუფლეს, კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო, რამეთუ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობს. ჩერქეზიშვილი ამ მხრივ შეიძლება, „პირველი მერცხალი“ იყოს. ყოველ შემთხვევაში, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მსგავსი საპრტესტო აქციები, დიდი ალბათობით, სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც გაიმართება.

„თუ სამსახუირდან დამითხოვენ, ცოლ-შვილს ხელს მოვკიდებ, კარავს წავიღებ, სამინსიტროს წინ გავშლი და აბა, გაბედონ და ხელი მომკიდონ!“ – აღნშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანზიაციაში დასაქმებულმა პირმა, რომელიც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს, სამთავრობო უწყებებიდან რიგითი თანამშრომლების მასობრივი გაშვება დაიწყება.

„მართალია, ამის შესახებ ოფიციალურად ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ბოლო დღეებია, სამსახურში ყველა შესაძლო შემცირებაზე ლაპარაკობს და ყველა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ ქუჩაში გაგვყრიან, ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძოლოთ,“ – აღნიშნავს „თაიმერის“ რესპოდენტი, რომელიც თავის ვინაობას იმის შიშით არ ამხელს, რომ შესაძლოა, საბაბად მედიასთან ურთიერთობა მოუდონ და სამსახურიდან ამიტომ გაათავისუფლონ.

ჩვენი ფარული თანამოსაუბრე „თაიმერს“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, ანუ არაოფიციალური ინფორმაციით, მასობრივი შემცირებები მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობა 2012 წლის არჩევნებამდე დაიწყეს.

„არ ვიცი, მართლა ასე იქნება თუ არა, მაგრამ ყური მოვკარი, რომ მარტო მათ გაათავისუფებენ, ვინც მუშაობა „ნაციონალების“ დროს დაიწყეს. ამას გარდა, ისიც გავიგე, რომ „შავ სიებში“ ისინიც არიან მოხვედრილები, რომლებიც „რესპებთან“, ან „თავისუფალ დემოკრატებთან“ გარკვეული ურთიერთობა აქვთ. მე, პირადად, პოლიტიკა არასოდეს მაინტერესებდა და არც რომელიმე პარტიის წევრი, ან გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ. სახელმწიფო უწყებაშიც ჩემი ცოდნისა და გამოცდლების გამო მოხვდვი – კასტინგი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და უკვე 7 წელია, დასქმებული ვარ. ამიტომ, ვერც „ნაციონალობას“ დამაბრალებენ და ვერც – „რესპუბლიკელობას“ და ძალიან მაინტერესებს, რა მიზეზით გამათავისუფლებენ, არადა, ვგრძნობ, ჩვენი განყოფილების უფროსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, ძალიან ცუდი თვალით მიყურებს – დერეფანში რომ მხვდება და გამარჯობას ვეუბნები, ზედაც არ მიყურებს, ისე ჩაივლის ხოლმე,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი კონფიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის, ე.წ. სსიპ-ებშიც ნეპოტიზმი ყვავის.

„თუ გახსოვთ, ხელისუფლებში მოსვლამდე „ოცნება“ „ნაციონალებს“ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად იმას უყენებდა, რომ მარტო თავისიანებს ასაქმებდნენ, მაგრამ თქვენ ახლა უნდა ნახოთ, ამ მხრივ რა საშინელებები ხდება – მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე რომ აღარაფერი გითხრათ, განყოფილების უფროსებიც კი, ჯერ წესიერად დანიშნულებიც არ არიან, რომ საკუთარი ხალხი მოჰყავთ და მდივნები რომ მდივნები არიან, იმათაც უშვებენ. ახლა, ასე პირდაპირ არ ყრიან, მაგრამ ისეთ პირობებს უქმნიან, რომ ადამიანი უძულებული ხდება, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს – აი, მაგალითად, შეუძლიათ, ადამიანს, რომელიც არ მოსწონთ, შარი იმის გამო მოუდონ, რომ სამსახურში ზუსტად ორი წუთი დააგვიანა. “არადა, ამ დედააფეთქბეულ ქალაქში, ხომ იცით, რა სიტუაციაც არის – სახლიდან სამი საათით ადრე უნდა გახვიდე, რომ სადმე საცობში არ გაიჭედო და სამსახურში თავის დროზე მიხვიდე,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო, რომელიც აქვე, ერთ სკანდალურ ცნობსაც გვაწვდის. მისი თქმით, ერთ-ერთ საბიუჯეტო უწყებაში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, რომელიც თანამდებობაზე ორ კვირის დანიშნული იყო, პრემიის სახით, თურმე, 5 ათასი გამოიწერა.

„ძალიან მაინტერესებს, ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებს და ამხელა პრემია რაში აიღო? ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანმა გაკეთა – პრემია მარტო თავისთვის კი არა, ყველა იმ პირს გამოუწერა, რომელიც ჩვენს სამსახურში მასთან ერთად მოვიდა. ჩვენ კი, ვინც წლებია ვმუშაობთ და მართლაც, დღე და ღამეს ვასწორებთ, პრემიის მოცემას ვინ ჩივის, მადლობაც კი არ გვითხრა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს პიროვნება, რომელიც ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ კარავი უკვე ნაყიდი აქვს და იმ დღესვე, როგორც კი გაათავისუფლებენ, საპროტესტო აქციას დაიწყებს.

ზოგადად, ბოლო დღეებში „თაიმერი“ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ არაერთ ადამიანს ესაუბრა და ყველა მათგანი აცხადებს, რომ თუ უსამსახუროდ დარჩებიან, პირში წყალს არ ჩაიგუბებენ და თავიანთ უფლებებს ყველა კანონიერი მეთოდით დაიცავენ.

„ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მასხარად „ნაციონალები“ აგვიგდებს თუ „ოცნება“? „ოცნებისგან“ უფრო არ მოვითმენთ, რადგან ჯერ ერთი, გაიძახის, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ადამიანია. მეორეც, 2012-ში ჩვენ რომ უკან დაგვეხია და „ოცნების“გვერდით არ დავმდგარიყავით, ხელისუფლებაში ისევ „ნაცები“ დარჩებოდნენ და ჩვენ ახალი რეპრესიების მსხვერპლნი გავხდებოდით. ასე რომ, „ოცნებას“ გადაეცით, ხალხის ნერვებით თამაშს თავი დაანებოს და ქვეყანას მიხედოს, თორემ არ გავჩუმდებით და როგორც მოვიყვანეთ, სახლშიც ისე გავუშვებთ,“ – ამბობენ შესაძლო შემცირების მოლოდინით დაზაფრული “თაიმერის” ერთ-ერთი კონფიდენტი, რომელიც ასევე ელოდება შემცირებას.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი : დღეს საქართველოში ისეთი ეკონომიკური კრიზისია, როგორიც იყო 90-იან წლებში
შემდეგი სტატიაკომბლე ბიჭი