“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!” – ასე ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა – სრულად გამართლდა ადეიშვილი
რობაქიძის დედა იმედსიტოვებს, რომ სასამართლოს შემდგომი ინსტანცია გაამტყუნებს ზურაბ ადეიშვილს.
ია მეტრეველის მტკიცებით, „ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები“.
„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს. ასევე ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების “რეჟისორიც” იქნება მიხედილი, კიდევ გაბედა და “აკაცუკების” აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ. მოვუწოდებ პროკურატურას, გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი”, – წერს ია მეტრეველი.


















