sjc მაჩალიკაშვილზე: მოძალადეებმა დაიწყეს მისი გინება

მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს-მ არ მოგვაწოდა ინფორმაცია დაკავების, მისი საფუძვლებისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ -სოციალური სამართლიანობის ცენტრი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს დილიდან სახალხო დამცველის აპარატის დახმარებით გავიგეთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის N2 დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენი ადვოკატები დაუყოვნებლივ შეხვდნენ ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს იზოლატორში. შეხვედრისას ბატონმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ, რამდენად მისთვის ცნობილია, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით არის დაკავებული. მაჩალიკაშვილის თქმით, გუშინ ღამით იგეგმებოდა მისი ხელწერილით გათავისუფლება, თუმცა პოლიციამ ეს დაპირება მოგვიანებით რატომღაც შეცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის იმყოფებოდა ჩიტაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან, პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებს მიღმა, აქციის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც რკინის ჯებირების მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს, დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ცდილობდნენ ჯებირების გარღვევას მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ამ დროს მასთან გამოჩნდა პოლიცია და იფიქრა, რომ სამართალდამცავები საფრთხის შემცველი გარემოდან განრიდებას ცდილობდნენ. ამ პირობებში ცხადია, მას არანაირი წინააღმდეგობას პოლიციისთვის არ გაუწევია. მხოლოდ მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ პოლიციამ ის დაუსაბუთებლად დააკავა”,- წერია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიოლივერ ვარჰეი- იმედი მაქვს, ჩემს მიერ ნახსენები ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა დაეხმარება საქართველოს, დააჩქაროს ევროკავშირთან ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია
შემდეგი სტატია“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას”