SJC: მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების განახლებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმაურება.

განცხადებაში ცენტრი აღნიშნავს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და “ის აგრძელებს ამ საქმეზე უსამართლო, არაეფექტიანი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ტენდენციას”.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ არის დამოუკიდებელი უწყება და მას არ აქვს ინსტიტუციური რესურსი გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების მძიმე და პოლიტიზირებული საქმეები.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაეყრდნო მხოლოდ თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს და თავად არ უწარმოებია ყოველმხრივი, სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 წელი მოანდომა. ამ პერიოდის განმავლობაში, უწყებას არც ერთი ჩვენი შუამდგომლობისთვის და განცხადებისთვის არ უპასუხია. ამასთან, უწყებამ არც თემილან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხა.

ინფორმაცია გამოძიებაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქ გვერდიდან. ამ საქმეზე უწყების მუშაობის მანერა, თავის მხრივ, მისი პოლიტიზირებისა და მიუკერძოებლობის პრობლემას აჩვენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება არის ფორმალური, არასათანადოდ შესწავლილი, უსაფუძვლო და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასთან.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმას მყისიერად მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რათა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოიცეს შუალედური რეზოლუცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე.

“ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის შეფასებას და გადაწყვეტილებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების მიმართ. კომიტეტთან კომუნიკაციაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მათ შორის მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, რომელიც კომიტეტს აძლევს შესაძლებლობას თავად მიმართოს ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის დასადგენად”, – აცხადებენ SJC-ში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება სრულად

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარება საქართველოს მისადგომებს ჩინეთის ტერიტორიად აქცევს – თედ ჯონასი
შემდეგი სტატიაშვეიცარიული გამოცემა ქართველ ოლიგარქს ვრცელ სტატიას უძღვნის და მის პრორუსულ პოლიტიკას ამხელს