SJC: გვარამიას პატიმრობა მის დასჯასა და ოპოზიციის დევნას ემსახურება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, მისი პატიმრობა ოპოზიციის დევნის გაგრძელებაა და პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას ემსახურება.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ნიკა გვარამიასთვის ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდებას და მიიჩნევს, რომ როგორც ბრალდების საქმე, ისე სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლიტიკოსის დასჯასა და ოპოზიციური ფიგურების დევნას ემსახურება”. – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის განცხადებით, წულუკიანის კომისია სიმართლის დადგენას არ ემსახურება და პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს.

დღეს, 13 ივნისს, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.

გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ გვარამიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

გვარამია პროცესზე არ მივიდა და სხდომის პარალელურად, რუსთავის ციხისკენ თავად წავიდა.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.

banner
წინა სტატიაში14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა  – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის  
შემდეგი სტატიაჯანო არჩაია გამომძიებელს: რატომ არ იცოდა ჩემმა ოჯახმა ჩემი დაკავების შესახებ? რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების უფლება?