SJC: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდებს

მაჩალიკაშვილის საქმე – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. მათი განმარტებით, ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის და მათი არაეფექტიანი გამოძიების საქმეებს, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა დაადგინა.

“მინისტრთა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ცინცაბაძის საქმეთა ჯგუფში გაერთიანებულ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გაჭიანურებული გამოძიების გამო და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისკენ, მათი სწრაფად და ამომწურავად დასრულებისთვის. ასევე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, წარუდგინოს კომიტეტს აღნიშნული საქმეების გამოძიების პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია. კერძოდ კი, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” 11 თვეა უშედეგოდ ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გამოძიების განახლებას.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება იზიარებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების განხორციელებაზე. კერძოდ, მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ჩვენი ორგანიზაცია უკვე 11 თვეა უშედეგოდ ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გამოძიების განახლებას და ამ გზით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რომელმაც დაადგინა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ფუნდამენტური ხარვეზები ამ საქმეზე. ამ მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარვუგინეთ იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოვითხოვეთ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება.

სამწუხაროდ, ახლადდაფუძნებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ მოთხოვნებს რამდენიმე თქვეა უპასუხოდ ტოვებს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვებს აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.[2] გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენი ორგანიზაცია ითხოვდა რიგი ზოგადი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას სამოხელეო დანაშაულების პრევენციის, დაზარალებულთა უფლებების რეალიზების და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების და სუს-ის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში70 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით სამეგრელოში 45 წლის კაცი დააკავეს
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი – ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა