„სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა

„სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. მისი თქმით, პრემიერის ადმინისტრაციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რათა გიორგი კვირიკაშვილი მათ მტკიცებულებებს გაეცნოს.

კითხვაზე, რატომ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად მისი კომპანიის დისკავალიფიცირება, შარაშიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონკურენციის სააგენტოს პასუხს ელოდება.

„დაველოდები კონკურენციის სააგენტოს, რომელიც გაგვცემს ამ თემაზე სრულ პასუხს. ჩვენ რა ინფორმაციაც წარვადგინეთ დღეს და საერთოდ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოძიებულია SPA.GE -დან, ეს არის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ვებგვერდიდან, რომ მეტი სპეკულაცია არ გავაკეთოთ ამ საკითხზე, ვიდრე კონკურენციის სააგენტო არ გაავრცელებს ინფორმაციას.

შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, თუ რატომ და როგორ მოვხდით ჩვენ შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი“,- განაცხადა შარაშიძემ.

რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, „სიტროენ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის თქმით, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს არის შეთანხმებული ფასები.

„ეს არის 100 გვერდიანი დოკუმენტი და ვერ გიპასუხებთ ასე ორ სიტყვაში. ეს არის შეთანხმებული ფასები, 127-დან 57 ტენდერში უკონკურენციოდ ჩატარებული ტენდერები, სრული ჯამი თანხობრივად 70%-ია, რომელშიც არ შედგა კონკურენცია. აქედან სამია ტარიელ ხეჩიკაშვილის მფლობელობაში და 50% არის თანხობრივი წილი ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიაზე გადანაწილებული“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, რამდენად აქვთ იმედი, რომ კონკურენციის სააგენტო მიუკერძოებელი იქნება, ვინაიდან მას ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობას, შარაშიძემ ასე უპასუხა:

„იმედი რომ არ გვქონდეს ობიექტური დასკვნის, ხომ არ შევიტანდით, იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო მიუკერძოებელი დარჩება“.

ამასთან, ჟურნალისტებმა შარაშიძეს გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებაზეც ჰკითხეს.

„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ გადადგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი უკვე იმ ყველა ორგანოზე, ვინც ეს უნდა გამოიძიოს“.

„უცნობმა“, გია გაჩეჩილაძემ სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.

გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.

ამ განცხადებას საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად არის დატოვოს თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, პრემიერის თქმით, გაჩეჩილაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

banner
წინა სტატიაშიმაუწყებელი დღეს უმრავლესობის ინტერესებსაც არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია რომან გოცირიძეს – მაუწყებელში ამდენი მილიონი რომ იხარჯებოდა, რას შვრებოდით, გეკითხათ