სიტყვის თავისუფლება და პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული

ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა შესაძლებელი გახდა სწორედ საქართველოს მეგობრების, მათ შორის, ლიტველების წყალობით და დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან სასიხარულოა ლიტველებისათვის.

დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ქართველები, ლიტველები, ბალტიისპირეთის ქვეყნები – მომავალ წელს ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

“1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო აღმოჩენილი, აგრეთვე ეს ისტორიული დოკუმენტი საკუთარი მნიშვნელობით და ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დავუკავშირდით ქალბატონ მერკელის ოფისს და დავიწყეთ იმის გამოძიება, თუ რამდენად შეიძლება ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა გერმანიაშია, გადმოვიტანოთ ლიტვაში”, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ლიტვა, მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს და მის ინტეგრაციულ პროცესებს ევროკავშირში. ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება უკვე სრულად ამოქმედდა.

როგორც ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ წახალისებული იყო რეფორმებით, რომელიც განხორციელდა საქართველოში, თუმცა ძალიან ბევრი რამ კიდევ უნდა გაკეთდეს.

“აუცილებელია რეფორმები გაგრძელდეს სასამართლო სექტორში, სამოქალაქო სექტორში; აგრეთვე, უნდა გაგრძელდეს პროკურატურის რეფორმების პროცესი და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს, შეგვიძლია მოგცეთ რჩევები”, – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

მისი განცხადებით, ლიტვას აწუხებს მედიის თავისუფლების საკითხი და ევროპა ძალიან ყურადღებით აკვირდება იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სააქართველოში.

“სიტყვის თავისუფლება და პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და შეზღუდვები ამ მიმართულებით შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით”, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ლიტვა მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა, ყველამ მიიღოს საერთო გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, როგორც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება.

“ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოს საზღვრებზე – სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში; ვხედავთ, რომ ეს არის ღია ანექსია, რომელიც დაიწყო და კვლავ გრძელდება და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ პროცესს. ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; კარგად ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენც გავიარეთ ეს პერიოდი, რუსეთის აგრესიული ქმედებები ჩვენს საზღვართან და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია გაიგოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია წამოჭრას ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

ლიტვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპასთან და ლიტვა ყოველთვის იქნება სწორედ ის სახლმწიფო, რომელიც დაეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში – მოხდეს თქვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში და გახდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრი.

პრესკონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხებით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებით დაინტერესდნენ.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისი პროტესტის ნიშნად დაიხურა
შემდეგი სტატიარუსთავი ორმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა