სითი პარკის მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მოუწევთ

მოქალაქეებს, რომლებსაც სითი პარკის მიერ ჯარიმები უკვე გამოწერილი აქვთ, მათი გადახდა მაინც მოუწევთ. თბილისის ვიცემერის განცხადებით, კანონის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები არ გაუქმდება.

“დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მოუწევთ. ამასთან არანაირი კავშირი ხელშეკრულების შეწყვეტას ნამდვილად არ აქვს. აქედან გამომდინარე, ვიზეც სამართალდარღვევა გამოწერილია, მათ მოუწევთ ამ ჯარიმის გადახდა, თუ რა თქმა უნდა ეს უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც სამწუხაროდ ხშირად ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ შედეგამდე მივედით. ეს არის რადიკალური ზომა, რაც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა სისტემური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დარღვევას და არც ერთ კომპანიას არ ვაპატიებთ იმას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესები”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მერიის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. ისინი ამ თემაზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებენ. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე დეპუტატების, პედაგოგებისა და ჟურნალისტებისთვის მეტყველების სავალდებულო კურსის შემოღების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, დღეს საღამოს გახდება ცნობილი