2 აპრილს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარი ნებით, დაკავებული თანამდებობა დატოვა და ის რეგიონული განვითარების მინისტრად უნდა დანიშნულიყო (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისად, ორად იყოფოდა). თუმცა, ირაკლი კობახიძესთან შეუთანხმებლობის გამო, ის მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, სუს-ის უფროსის დასანიშნად რამდენიმე საფეხურიან პროცედურას ითვალისწინებს (რაც ასევე გარკვეულ დროს მოითხოვს), საზოგადოებისთვის აღნიშნული ცვლილების შესახებ მხოლოდ 2 აპრილს გახდა ცნობილი, 4 აპრილს კი საქართველოს პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსად 79 მით, 0-ის წინააღმდეგ, აირჩია.
,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობას 2019 წლის 17 ოქტომბრიდან იკავებდა. შესაბამისად, მას უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა 2025 წლის ოქტომბერში ისედაც ეწურებოდა. კანონმდებლობის მიხედვით კი, ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ დანიშვნა არ შეიძლება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმის, რომ უწყება დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. ანრი ოხანაშვილისა და მისი მოადგილეების (პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი – გელა გელაძე და ლევან ხარანაული), როგორც ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური სახეების, დანიშვნით კი უწყება მეტად პოლიტიზებული ხდება, რაც მომავალში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას კიდევ უფრო გაართულებს.
***
2015 წლიდან სუს-ის ფართო უფლებამოსილების მქონე დახურულ უწყებად ჩამოყალიბდა. დაპირების მიხედვით, ის აღჭურვილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციით, თუმცა მას საგამოძიებო ფუნქციაც გააჩნია და წლების განმავლობაში მისი საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მინიჭებული აქვს ისეთი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მანდატი, რომლებიც, თავისი არსით, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს არ წარმოადგენს და სამსახურის საქმიანობის მიმართულებაში არ ექცევა, არაპროპორციულად აფართოებს სამსახურის გავლენას და ძალაუფლებას. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ყველა სამოხელეო (მათ შორის, გაუფრთხილებლობით ჩადენილი) დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება.
გარდა კანონმდებლობით უშუალოდ სუს-ისთვის მინიჭებული საგამოძიებო მანდატისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სუს-ს გამოსაძიებლად გადმოსცემენ საქმეებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების საფუძველზეც, რომლებიც სისხლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების მიხედვით, მის ქვემდებარეობას არ განეკუთვნებოდა და არც მის სამუშაო მიმართულებაში არ ექცევა.
ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არა ერთი ხმაურიანი პრესკონფერენცია გამართა, სახელმწიფო გადატრიალებისა თუ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის გამოძიების დაწყების დაანონსების მიზნით. თუმცა ერთჯერადი განცხადების მიღმა, საზოგადოებისთვის სხვა ინფორმაცია ცნობილი არ გამხდარა. ამასთან, სუს-ის განცხადებები გამოძიების დაწყების შესახებ ემთხვეოდა მწვავე პოლიტიკურ კრიზისებს და აშკარად „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების მიზანი უფრო ჰქონდა, ვიდრე რეალური საფრთხეების გამოვლენა და მათზე სამართლებრივი რეაგირება.
მიუხედავად იმისა, რომ უწყების დაფინანსება წლების განმავლობაში მზარდია, ნათელია მისი რესურსების არარაციონალური ხარჯვა. ნაცვლად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისა, ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებისა და პროაქტიული ნაბიჯებისა, ის ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარ კიდევ ერთ უწყებად ჩამოყალიბდა. სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის არარსებობამ, შაბლონურმა წლიურმა ანგარიშებმა კი ის კიდევ უფრო დახურულ უწყებად აქცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასაუმჯობესებლად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მთავარი რეკომენდაცია წლებია მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების ჩამოშორება და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაა.