„ქართული ოცნების“ დეპუტატი და ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი ქვეყანაში საგზაო ჯარიმების, საგადასახადო სანქციებისა და პარკირების წესების მკვეთრ გამკაცრებას სოციალურ ქსელში მწვავე პოსტით ეხმაურება. კახიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ მოქმედი სისტემა უსაფრთხოებაზე კი არა, ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული და მოქალაქეებისთვის „ხაფანგად“ იქცა.
კახიშვილის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მძღოლი წინასწარ არის გაფრთხილებული, სად იწყება და მთავრდება საშუალო სიჩქარის კონტროლი. საქართველოში კი მოქალაქე ერთსა და იმავე მონაკვეთზე რამდენიმე ჯარიმას იღებს, რაც უსამართლობის განცდას აჩენს.
“მსოფლიოში საღამოს 7-8 საათის შემდეგ კონტროლი წყდება. საქართველოში კი ღამის 10 საათზეც აჯარიმებენ, დილის 1 საათიდან პატრული აგრძელებს და დილის 4 საათზეც კი დააჯარიმეს მანქანები. მხოლოდ ჯარიმების ზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს, როცა საპარკინგე ადგილები არასაკმარისია“.
დეპუტატი ეხმაურება მოწოდებებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის შესახებ და აღნიშნავს: „თუ მოქალაქეები დაინახავენ, რომ მაღალი თანამდებობის პირებიც ყოველდღიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ბევრად უფრო ძლიერი მაგალითი იქნება“.
კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმები მოსახლეობის შემოსავლებთან თანაზომიერი უნდა იყოს, მანამდე კი სახელმწიფომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას.















