„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დაკავებების ახალ სერიას ეხმაურება და ვახო სანაიას, გიორგი ახობაძეს, თორნიკე თოშხუას და სხვა დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს.
ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა ვერ შეაჩერებს სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას და დაკავებულების სიმტკიცეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან ნაწილად აფასებს.
„აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა, დაიცვა საქართველოს თავისუფლება“, — წერს ხოშტარია.
აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა, დაიცვა საქართველოს თავისუფლება.
მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო ვახო სანაიას, გიორგი ახობაძის, თორნიკე თოშხუას და სხვა, ყველა უკანონო პატიმრის მიმართ. სწორედ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ბრძოლისთვის. ეს შემართება, ეს დაუმორჩილებლობა. ასეთ ძვირფას მომენტებზე დგას ჩვენი წარმატება. როდესაც ვერცხლის წყალივით უსხლტება ხელიდან სისტემას სიმართლე და ვერ აღწევს საკუთარ მიზანს. სწორედ ასეთ გმირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. და როდესაც ამას უყურებ, ერთი, ორი და რამდენი წელიც საჭირო იქნება, იმდენი იჯდები ციხეში. სწორედ ეს არყევს სისტემას. ვხედავთ, რამდენად სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს.
ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა. ჩვენ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის , ტყუილის, სიბინძურის და დეჰუმანიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ და ასეთი ადამიანები – ვახო, გიორგი, თორნიკე, გოგოები – ამტკიცებენ, რომ ეს ტერორი, ეს სიბინძურე არ არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ სწორედ ამ შემართებით”- წერს ხოშტარია.
დაკავებების ახალი ტალღა მოჰყვა თბილისის საკრებულოსთან გამოკითხვას, რომლის დროსაც მოქალაქეებს ბანერი ჰქონდათ წარწერით „ბიძინა“ და სამი ასოს კომბინაციით. პოლიციამ აღნიშნული წარწერა შეურაცხყოფად მიიჩნია, რის შემდეგაც მოქალაქეთა დაკავებები განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ათი ადამიანი.















