სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს, ამიტომ მანდატურზე დევნა გაგრძელდება

სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება, – აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმერეთის რეგიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მანდატურს უკავშირდება.

როგორც მინისტრი აცხადებს, მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართა ნდობა არ უნდა დაიკარგოს.

„მანდატურების დანიშვნის წესი პრინციპში ფუნდამენტურად ისეთივე რჩება, როგორიც აქამდე იყო. მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურობა აგვაცილა. ძალადობა სკოლებში შემცირებულია. ეს ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც ადრე შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხვეწა, გახდა უფრო ჰუმანური და დაუახლოვდა სკოლის ადმინისტრაციას. მე ვფიქრობ, შემდგომი განვითარება წავა ჰარმონიულად, ცალკეული შემთხვევები , რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაშია: პოლიციაში, ჟურნაალისტებში ხდება ცუდი რაღაცები და პროფესიის გამო, ნდობა არ უნდა შეილახოს. მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ის ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ამის გამო, ჩვენ, მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ, რომელიც რჩება ტოლერანტური, რაც პრინციპში კარგი არ არის, რადგან ჩვენ, განათლებით, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშობით უნდა შევეცადოთ, რომ დავანახოთ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ბედნიერი“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაცია ”ტელეკომპანია” „მაესტრომ“ გაავრცელა. მათივე ცნობით, მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა. განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიას 16 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს