შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის დროს, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















