განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის, “ხარებას” და ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ ერთი დაჭრილის გარდა, არიან სასტიკად ნაცემებიც. შემთხვევა, 17 იანვარს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სპორტდარბაზთან მოხდა. წყაროს ცნობით, სწორედ აქ მუშაობდა 33 წლის ჯონი მარიდაშვილი, რომელსაც ჩასაფრება მოუწყვეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
ცნობისთვის, გუშინ “პირველმა” ოფიციალური დადასტურება მიიღო “ჰელსიკორიდან”, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 33 წლის მამაკაცი მათ კლინიკაშია მოთავსებული.
რაც შეეხება ორ ნაცემ პირს, ფაქტს “პირველებს” იმ კორპუსის მაცხოვრებლები უდასტურებენ, სადაც სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა. მათივე თქმით, გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა. კორპუსის ჩატში კი დაიწერა ისიც, რომ “ხარებას” და “შინჯიკას” დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებისას სასტიკად სცემეს ორი პირი.
ადგილობრივი, რომელიც “პირველებმა” ჩაწერა, ამბობს იმასაც, რომ სროლის შედეგად ეზოში მდგარი ავტომობილიც დაზიანდა.
მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია არ უნახავთ, შესაბამისად გომელაურის უწყების თანამშრომლებს დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები არავის ჩაუტარებია.
როგორც წყარო “პირველებს” უყვება, დაჭრილი ჯონი მარიდაშვილი გიორგი უბილავას ახლო გარემოცვის წევრია. უბილავა კი თავის მხრივ შინჯიკაშვილის უახლეს გარემოცვას წარმოადგენს.
ვინ არის გიორგი უბილავა?
ის არის “ოცნების” ერთ-ერთი დასაყრდენი, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია. მისი სახელი ბევრ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე, საუბარია აპრილის მოვლენებზე, როდესაც გმირთა მოედანზე შენიღბული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს.
“პირველების” ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მარიდაშვილი დაჭრეს, უბილავამ ქვეყანა დატოვა.
წყარო: ტვ პირველი