სირიაში 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა

siriaსირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა, – ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ასლანბეგ ბორჩაშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. საქართველოდან წასვლამდე ასლანბეგ ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ასლანბეგ ბორჩაშვილი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასლანბეგ ბორჩაშვილის და მასთან ერთად მისივე ბიძაშვილის, ამირან ბორჩაშვილის სირიაში წასვლის შესახებ გასული წლის სექტემბერში იუწყებოდა. ორივე მათგანი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ამირან ბორჩაშვილი ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი იყო.

ასლანბეგ და ამირან ბორჩაშვილების სირიაში წასვლის დროისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით ახალგაზრდების გადაბირების ბრალდებით უკვე 2 თვის დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი.

სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 16 პანკისელი დაიღუპა.

22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი;

39 წლის ვახა ბუგიევი;

24 წლის რამზან ფარეულიძე;

22 წლის მუხმად თურქოშვილი;

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;

24 წლის დავით სვიაკაური;

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;

22 წლის გურამ გუმაშვილი;

18 წლის ბესო კუშტანაშვილი;

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;

24 წლის ხალიდ აჭიშვილი;

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;

40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი;

23 წლის რუსტამ გელაევი;

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, რომლის ორი ლიდერიც, თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი პანკისის ხეობიდან არიან.

banner
წინა სტატიაშიvideo) ჩვენ დიდი ხანია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი
შემდეგი სტატიაBrexit-ით შეშინებული ბრიტანელები ირლანდიის მოქალაქეობას იღებენ