სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის თანამშრომლები დააფიქსირეს. ფოტოს, რომელიც დღეს გავრცელდა, Directorate 4 აქვეყნებს, რომელიც ტერორისტების საქმიანობის მონიტორინგს ეწევა. შესაძლებელია, ფოტოზე აღნიშნული დაქირავებული სამხედრო პირი კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” ეკუთვნოდეს. “სავარაუდოდ, ეს ფოტო სირიაში ვაგნერის პირდაპირი დანიშნულებით არსებობის პირველი დოკუმენტირებაა” – ამბობენ Directorate 4-ში.

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ირგვლივ თებერვლის დასაწყისიდან დიდი ხმაური ატყდა. დაჯგუფება სირიაში აშშ-ს კოალიციამ დაბომბა. ინფორმაცია დღემდე არ დაუდასტურებია კრემლს.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, 2018 წლის 7 თებერვალს დაჯგუფება, რომლის წევრები რუსებიც იყვნენ, დეიპ-ეზ-ზორის ერთ-ერთი პროცინციის დაკავებას ცდილობდა მდინარე ევფრატის მახლობლად. ამ რაიონს “სირიის დემოკრატიული ძალები” აკონტროლებენ, ამბოხებულების დაჯგუფება, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.

13 თებერვალს პენტაგონში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ ჯეფრი ჰარიგიანმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა, სადაც მან დეტალურად ისაუბრა 7 თებერვალს მომხდარი ამბების ამერიკულ ვერსიაზე. მისი თქმით, 7 თებერვალს, საღამოს, საერთაშორისო კოალიცია, აშშ-ს მეთაურობით ამბოხებულებს მდინარე ევფრატთან პოზიციის დაბრუნებაში ეხმარებოდა. გენერლის თქმით, თავდასხმამდე მოწინააღმდეგემ არტილერია მზაობაში მოიყვანა, მათ შორის, ტანკები, ნაღმმტყორცნები და სხვა. სროლების მიმდინარეობისას პოზიციისკენ ჩუმად გაემართნენ დაახლოებით ერთი ბატალიონის შემადგენლობის შეიარაღებული პირები. ჰარიგიანის თქმით, ამ მომენტში ავიაცია ჰაერში იმყოფებოდა, მათ შორის უპილოტო MQ-9 და გამანადგურებელი F-22, რომლებიც სადაზვერვო სამუშაოებს ასრულებდნენ. გენერლის სიტყვებით, ამერიკელები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სირიაში რუს მეთაურებს და თავდასხმაზე მოუყვნენ. საუბრის დეტალები, შედეგები და რუსი სამხედროების რეაქციაზე გენერალს არ მოუყოლია, მხოლოდ აღნიშნა, რომ რუსებთან ოპერატიული მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.
რუსებთან საუბრის შემდეგ, გააგრძელა გენერალმა, კოალიციამ თავდასხმა განახორციელა, რომელშიც მონაწილეობდნენ გამანადგურებლები F-15E, უპილოტო MQ-9, სტრატეგიული ბომბდამშენი B-52, ასევე, ე.წ. “განშიპი” AC-130 და AH-64 Apache ტიპის ვეტმფრენები.
გენერლის თქმით, ჰაერიდან წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა და რომლის შედეგადაც განადგურდა მოწინააღმდეგის საარტილერიო სისტემა და ტანკები. ამის შემდეგ, ჯეფრი ჰარიგიანის თქმით, თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. მან თქვა, რომ არ იცის ვინ იყო თავდამსხმელების ჯგუფში, კერძოდ, იყვნენ თუ არა იქ რუსები.
თავის მხრივ, სხვადასხვა უცხოური და რუსული მედია ირწმუნება, რომ დაჯგუფებაში იყვნენ რუსები და რომ დაღუპულთა რაოდენოდა 11-დან რამდენიმე ასეულამდეა.

რუსეთს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია – ფორმალურად, კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთის ხელისუფლებას არ ემორჩილებიან, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა, სხვათა შორის, განაცხადა, რომ 7 თებერვლის თავდასხმის შედეგად 25 სირიელი დაიჭრა და რომ დაშავებულთა შორის რუსები არ არიან. სამინისტროს ვერსიით, აშშ-ს მიერ მხადრაჭერილ დაჯგუფებას თავს არავინ დასხმია და რომ დაჯგუფება, რომელიც აშშ-ს ავიაციამ დაბომბა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” “მიძინებული დაჯგუფების” წინააღმდეგ ატარებდა ოპერაციას. ამასთანავე, უწყების თქმით, აშშ-ს მიერ დაბომბილ დაჯგუფებას ოპერაციის შესახებ რუსული მხარისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებით 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა: “ეს (კერძო სამხედრო კომპანიები) ეროვნული ინტერესების რეალიზაციაა სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გარეშე” – განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას შესთავაზეს მსგავსი დაჯგუფებების ლეგალიზება მოეხდინა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ამ საკითხზე იფიქრებდა. ისეთი პირი უჩანს, რომ ამ დრომდე ფიქრობს – დაწერა “ბიბისიმ”.

“კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი” – არაფორმალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც დონბასში, ექსტრემისტების მხარეს იბრძოდა, ასევე, სირიაში, ასადის მხარეს. ორგანიზაციაზე პირველად 2015 წელს ინტერნეტ-გაზეთმა “ფონტანკამ” გააკეთა სიუჟეტი. მათი ინფორმაციით, დაჯგუფების უკან მეწარმე ევგენი პრიგოჟინი დგას. მის სახელს უკავშირდება, ასევე კომპანია “ევრო პოლისი”, რომელმაც ბაშარ ასადის რეჟიმთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მის მიერ “ისლამური სახელმწიფოსთვის” წართმეული ნავთობტერიტორიების წარმადობის მეოთხედი მისი საკუთრებაა.
2017 წელს სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ალი განემ დაადასტურა რუსეთთან თანამშრომლობა ნავთობისა და გაზის სექტორში, ასევე, შეხვედრები რუსეთის ნავთობკომპანიებთან, რომლებიც სირიაში მუშაობენ. მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წლიურად იღებენ 8 ათას ბარელ ნავთობსა და 9 მილიონ კუბურმეტრ გაზს. შედარებისთვის – რუსეთი ყოველწლიურად მოიპოვებს 10 მილიონ ბარელ ნავთობსა და 600 მილარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს.

“ფონტანკას” ინფორმაციით, “ვაგნერს” რუსეთის არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან კავშირი არა აქვს, თუმცა, თავიანთი სამხედრო სამუშაოებისათვის მათ არა ერთი ორდენი და მედალი აქვს მიღებული.

“ვაგნერის” ყოფილი მებრძოლი ნიკალაი ს. Conflict Intelligence Team-თან საუბარში ამბობს, რომ დაჯგუფება “ვაგნერში” არაფერი კერძო არ არის. “ვაგნერს დიდი სადაზვერვო გემებიდან ტექნიკასთან ერთად არ უშვებენ ოპერაციებზე. ეს ჩვეულებრივი, ნამდვილი არმიაა. დაჯგუფება მხოლოდ იმ დავალებებზე გადის, რასაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ეს სულელური სახელი – კერძო სამხედრო კომპანია კი ჟურნალისტებმა მოიგონეს, თითქოს ჩვენი დაქირავება შესაძლებელი იყოს აგარაკის ან იახტის დასაცავად” – ამბობს “ვაგნერის” ყოფილი მებრძოლი.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, “ვაგნერის” 95% რუსეთის მოქალაქეა. “როგორც წესი, ისინი ყოფილი სპეცრაზმელები, მზვერავები, უშიშროების თანამშრომლები არიან” – უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ვასილი გრიცაკიმ თქვა.

2016 წელს “ვაგნერის” წევრები რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ – შესაბამისი ფოტოც გავრცელდა.
მოსკოვი უარყოფს იმას, რომ სირიაში კერძო სამხედრო კომპანიები იბრძვიან. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ოფიციალური დანაკარგი სირიაში 40 სამხედრო მოსამსახურეა. Reuters-ის დათვლით, მხოლოდ 2017 წელს სირიაში 131 რუსი დაქირავებული სამხედრო მოკლეს.

მიმდინარე წლის თებერვლის თავდასხმისას “ვაგნერმა” ასამდე ჯარისკაცი დაკარგა, რაც კრემლს არ დაუდასტურებია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ვერაფერი მოვისმინეთ რუსეთის მხარისგან, სამაგიეროდ, წარმომადგენლებმა ცხინვალიდან წაიკითხეს დემაგოგია
შემდეგი სტატიაახალი Huawei P20: სმარტფონი, რომელიც სიბნელეშიც ხედავს