სირია ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს

Waving hand Syrian flags

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ზაურ გასიევმა და რუსეთში სირიის რესპუბლიკის ელჩმა რიად ხადადიმ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა რუსეთში, სირიის საელჩოში გაიმართა. საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით, სირიის ელჩმა აღფრთოვანება გამოხატა ოსი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მიმართ და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს ბაშარ ასადის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს სირია თავისი მოსახლეობის სიმტკიცით და რუსეთის მხარდაჭერით დგას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც“, – განაცხადა რუსეთში სირიის ელჩმა.

თავის მხრივ, ზაურ გასიევმა მადლობა გადაუხადა სირიელ კოლეგას შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთმა გაუწოდა სირიელ მოძმე ხალხს დახმარების ხელი, რითიც არა მხოლოდ ამ უკანასკნელის სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა, არამედ დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სტაბილურობაში.

სირიელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლებას მოახსენებს გამართული შეხვედრის დეტალებს, როგორც უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.

banner
წინა სტატიაში“შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება, ეს ჩვენი დამსახურებაა”
შემდეგი სტატია,,შეიძლება ქართულ ჯარში სამსახური მიღირდეს იმად, რომ გოგონების აღფრთოვანებული მზერები დავიჭირო”