სირცხვილია: შედეგი, რომელთანაც პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, “ოცნების” პასუხისმგებლობაა

მოძრაობა სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, შიმშილობას და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ნებისმიერი შედეგი, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება.

 

“მიუხედავად ნებისმიერი სახის პოლიტიკური გემოვნებისა, სირცხვილია ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი ქცევა – პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ამავეს ღიად მიუთითებს ქვეყნის არაერთი მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი.

ამასთანავე, საგანგაშოა ციხის საავადმყოფოს მიერ შეთავაზებული არასათანადო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ვერ პასუხობს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად წარმოშობილ სასიცოცხლო რისკებს, რასაც სახალხო დამცველის შეფასებაც ადასტურებს.

ხელისუფლების ქცევა ამორალურია ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და მეორე მხრივ ციხის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელთაც აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით ცდილობს, გააღრმაოს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების პოლარიზება.

შესაბამისად, ნებისმიერ შედეგზე, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს”. – აცხადებს მოძრაობა სირცხვილია.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ოქტომბრისთვის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საქმე – “ქართული მარშის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი გაბედავა სუს-ში დაიბარეს