7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სიფა “ოცნების” კანონებს აკრიტიკებს

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებული „გრანტების შესახებ“ და „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს.

მათივე შეფასებით, “წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის და როლის დაკნინების საფრთხეს”.

განცხადების თანახმად, ორივე კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს და ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში.

დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული იურიდიული მომსახურების გაწევისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან და შესამაბისად დასჯად ქმედებად განსაზღვრა.
რაც შეეხება „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, წარმოდგენილი პროექტი ქმნის ღია ინტერესთა კონფლიქტს, ზღუდავს სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და პროფესიულ თვითმმართველობას და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის მართმსაჯულების ინტერესებს.
იურიდიული დახმარების სამსახური და თითოეული საზოგადოებრივი ადვოკატი პროფესიულად ახორციელებს მოქალაქის დაცვის უფლებას და ამით ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს პროცესის უზრუნვეყოფას. სამსახურის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარება წარმოადგენს გაეროს 2012 წლის სახელმძღვანელო პრინციპების (UN Principles on Legal Aid) უგულებელყოფას, სადაც განსაზღვრულია, რომ იურიდიული დახმარების სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობის ზედმეტი ჩარევისგან, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფოსთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სამსახურის დირექტორის დაცულობის გარანტიები უქმდება. მისი გათავისუფლება შესაძლებელი ხდება პოლიტიკური ნების საფუძველზე, რაც სამსახურს აქცევს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად.
გენერალური პროკურორის საბჭოში შეყვანა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ „მხარეთა თანასწორობის“ პრინციპს. დაუშვებელია, სახელმწიფო ბრალდება ფლობდეს მართვის ბერკეტს იმ ინსტიტუტზე, რომელიც მოქალაქეს სწორედ სახელმწიფოსგან იცავს. ამის საფუძველზე იქმნება სახიფათო ინსტიტუციური დისბალანსი. „უფასო დაცვის“ სტრატეგიასა და ბიუჯეტს განსაზღვრავს საბჭო, სადაც დომინირებს ბრალდების მხარე (პროკურატურა) და აღმასრულებელი ხელისუფლება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კვოტის შემცირება – ნაცვლად 3 არჩეული წევრისა, მხოლოდ 1 წევრამდე (ასოციაციის თავმჯდომარე) – ართმევს ადვოკატთა ასოციაციას შესაძლებლობას, არჩევითობის პრინციპით, კონკურენტულ გარემოში წარადგინოს წევრები სამსახურის მართვის ორგანოში და მეტი თანამონაწილეობით დაიცვას ადვოკატის ინტერესები.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს ადვოკატის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის პროფესიული იურიდიული მომსახურების ფინანსური ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრის მოადგილე სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, შესაძლოა აბას არაღჩის თურქეთში შეხვდეს