პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცესზე მმართველი გუნდი უმაღლესი ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ტოტალური კონტროლის დამყარება პოლიტიკურ პროცესზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე აცხადებს.
მისივე თქმით, „ლელო“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით სასამართლოს ვრცელი სამართლებრივი დასკვნა წარუდგინა.
„მთელი ქვეყნის ყურადღება ახლა ბათუმისკენაა მიპყრობილი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი იმართება. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცესზე მმართველი გუნდი უმაღლესი ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ტოტალური კონტროლის დამყარება პოლიტიკურ პროცესზე. „ლელო“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ე.წ. „სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით ვრცელი სამართლებრივი დასკვნა წარუდგინა სასამართლოს. ამ დასკვნაში სამართლებრივად და დეტალურადაა დასაბუთებული, რატომ არ არსებობს იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველი და რატომ არ აქვს ამ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა. სასამართლოსთვის ჩვენი მიმართვის მიზანია, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, ჩვენი კვალიფიკაცია, რათა წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან სამართლის არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად ქცევას“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია “ლელო“ ავრცელებს.