„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას და მმართველი გუნდის რეაქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, დოკუმენტი ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და საარჩევნო უფლების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას ასახავს.
სიორიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ორგანიზაციის კრიტიკა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობაა.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა ეუთო-მ და ეს იყო ყველაზე კრიტიკული დასკვნა, რომელიც კი ქართულ არჩევნებზე დაწერილა… ‘ქართული ოცნების’ ეს უსუსური მცდელობები, რომ ეუთო-ს დისკრედიტაცია მოახდინოს, მათი განცხადებები, რომ თითქოს ეუთო-მ დაკარგა სანდოობა, ძალიან ჰგავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების მცდელობებს, რომ ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში, რომ დემოკრატიის ფასადიც კი აღარ არსებობდეს“, — განაცხადა სიორიძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა და საარჩევნო გარემოს გაუარესება დემოკრატიას დააზიანებს, თუმცა ეს პროცესი მმართველი გუნდისთვისვე იქნება პოლიტიკური დასასრულის მომტანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, უარი თქვა „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რის შესახებაც განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა. ქართული მხარის პროტესტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა.
„პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა“, — აღნიშნა ასამბლეის პრეზიდენტმა.
ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვების მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მაინც მიიღო, რომელიც მოიცავს სპეციალურ რეზოლუციას: „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.















