სინოდმა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს შესახებაც იმსჯელა

წმინდა სინოდმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ იმსჯელა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებული ტექსტიდან ირკვევა, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ მოხსენება მღვდელმთავრებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმემ გააცნო. მღვდელმთავრების უკმაყოფილება ილია ჭიღლაძის კრიტიკულმა მოსაზრებებმა გამოიწვია:

“ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა”. – ნათქვამია განჩინებაში.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ უნდა მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წლის პირველი სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. სხდომის მდივანი იყო გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) . სხდომას ესწრებოდა 35 მღვდელმთავარი.

banner
წინა სტატიაშიგანჩინება: „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ ზიარება
შემდეგი სტატიაეკლესია პროკურატურის პოზიციაზე