სინოდის წევრის ლიკვიდაციის სამზადისი, თუ საპატრიარქოს მორიგი სპექტაკლი?! – ექსკლუზიური ინტერვიუ ელისო კილაძესთან

საქართველოს საპატრიარქო მორიგ სკანდალში ეხვევა. ამჯერად, საქამე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის სავარაუდო მოწამლვის ფაქტს ეხება. სინოდის წევრის სავარაუდო ლიკვიდაციის მზადებასთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერიდან გახდა ცნობილი, რომელიც „შაბათის ეთერში“ გავიდა და რომლის მთავარი გმირები მონაზონი თეკლე კუბლაშვილი და მეუფე გიორგი ჯამდელიანი არიან.

 საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესია-მონასტრებში, ცოდვების მრავალფეროვნებას არ უჩივიან. ამას, ის ფაქტიც მოწმობს, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაზონი თეკლე კუბლაშვილი და მეუფე გიორგი ჯამდელიანი მონასტრებში სპეცსამსახურების მიერ დამონტაჟებულ მოსასმენებზე საუბრობენ, რომლის მეშვეობითაც მრევლიც და სასულიერო პირებიც კონტროლდებიან. როგორც მონაზონი ამბობს, „ისინი“ აღსარებებსაც კი უსმენენ. კუბლაშვილი ეპისკოპოსს უყვება, რომ ეს ინფორმაცია მან ქვემო ქართლის გუბერნატორის აწ უკვე, ყოფილი მოადგილესგან, გიორგი შინჯიკაშვილისგან მიიღო.

 აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე პირველი იყო, ვინც გაქცეული, მიმალვაში მყოფი მონაზონი თეკლე კუბლაშვილი ნახა. როგორც ჟურნალისტი „თაიმერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, მან მონაზონს ყაზბეგის ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში მიაგნო. რატომ ჰქონდა მონაზონს სახისა და ხელების მიდამოებში სილურჯეები და როგორ განვითარდა მოვლენები მათი შეხვედრის შემდეგ, დეტალებზე თავად, ელისო კილაძე ისაუბრებს:

 -როგორც ყველამ ვიცით, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა გააკეთა განცხადება, რომ მას წამლავდენ და ამის თაობაზე ინფორმაცია მონაზონმა თეკლე კუბლაშვილმა მიაწოდა. გარკვეულწილად, ეს, ამბიონიდან აღსარების საიდუმლოს გათქმა იყო, მაგრამ მძიმე დანაშულს ეხებოდა და ასე ვთქვათ, „გავატარეთ“. ამის შემდეგ, როდესაც კითხვა დაისვა: „სად არის მონაზონი თეკლე?“ რომელიც მთავარი მოქმედი გმირია ამ საქმეში და მთავარი მოწმე, მეუფემ თქვა, რომ სადღაც გაქცეული და დამალულია, ინფორმაცია კი მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვს. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა საკმაოდ „დავარცხნილი“ დიალოგი, სავარაუდოდ, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმით დაწერილი, სადაც თეკლე ყვებოდა საქმის დეტალებს. ამ დიალოგმა, კიდევ უფრო მეტად გამიჩინა სურვილი, რომ მეპოვნა და რეალურად ჩამეწერა. აღარ მოვყვები დეტალებს რა და როგორ, საბოლოო ჯამში ერთი კადრით ვიპოვნე, არანაირი ოფიციალურ და არაოფიციალური სხვა წყაროები ამ შემთხვევაში არ მყოლია. ამის შემდგომ, ვნახე ეს ადგილი, დაემთხვა ზუსტად იმ კადრს, რასაც ვეძებდი და ვხედავ სასტუმროს ფოიეში ზის თეკლე კუბლაშვილი. შევედი, ვუთხარი, რომ მასთან ვიყავი ინტერვიუზე მისული, წამოხტა გიჟივით და გაიქცა. ამასობაში სასტუმროს ხელმძღვანელები და პერსონალის წევრები ჩემსკენ წამოვიდნენ აგრესიულად, ცდილობდნენ ტელეფონის წართმევას, თუმცა ვერ მოახერხეს. მე დავედევნე ამ მონაზონს და აღმოვაჩინე საოცარი რამ, ის ესაუბრებოდა მეუფე გიორგი ჯამდელიანს.  ჩავერთე ვიდეოზარზე, ჩვენი ამ საუბრის მონაკვეთი დევს ჩემს „ფეისბუკ“ გვერდზე. ჯამდელიანმა მონაზონს კატეგორიულად აუკრძალა ჩემთან საუბარი და ინტერვიუს მოცემა. არადა პირიქით, ჯამდელიანის ინტერესში უნდა ყოფილიყო, რომ თეკლეს ჩემთვის დეტალურად მოეყოლა რა და როგორ იყო, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ეს დადგმული სცენა აუცილებლად გამოაშკარავდებოდა და თეკლე კუბლაშვილი ჩემს ყველა კითხვას გამართულად ვერ უპასუხებდა. ამიტომ, გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ არ ჩამეწერა ინტერვიუ. მე ასევე შევთავაზე, რომ „ლაივში“ გავსულიყავით, რომ მერე არ ეთქვათ რამე დავამახინჯე, ან რამე არასწორად გავაშუქე. შევთავაზე, დაესახელებინა ის პირები, თუ ვინ და როგორ უკვეთავდა ეპისკოპოსის ლიკვიდაციას, დეტალებში მოეყოლა ეს ყველაფერი, თუმცა კატეგორიულ უარზე იყო. მონაზონი მუდმივად მეუბნებოდა „ნუ მიღებთ“, შემდეგ კი გავარკვიე რაც იყო ამ აკრძალვის მიზეზი. მე ვცდილობდი ახლო კადრით გადამეღო მისი ჩალურჯებული თვალი.

-მხოლოდ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ფიზიკურად, ასე ახლოდან ნახა მონაზონი თეკლე კუბლაშვილი. მას მხოლოდ თვალზე ჰქონდა სილურჯეები?!

 -რეალურად, თეკლე არის ძალიან შეშინებული. ხელები უკანკალებდა, მეუფეს დირექტივებით მოქმედებდა და მართლა დაზარალებულია. თვალი დალურჯებული აქვს და ეს ჰემატომა  ჯერ კიდევ გადასული არ აქვს და სილურჯეები ჰქონდა ასევე, ხელებზეც. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ მეუფემ და მისმა გარემოცვამ მიაყენეს მას ეს დაზიანებები. იმიტომ, რომ მეუფემ პროკურატურას უარი უთხრა გამოკითხვაზე. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანის მკვლელობა მზადდება და სამართალდამცავ ორგანოებს არ გამოაძიებინო, ისევე, როგორც დაუმალა გამოძიებას მონაზონის ადგილსამყოფელი. როგორც აღვნიშნე, მან ეს ძალიან კარგად იცოდა. გარდა ამისა, თეკლას ჰქონდა მეუფეს მიერ მიცემული ტელეფონი, რომელიც სხვა ადამიანის სახელსა და გვარზეა დარეგისტრირებული. ამის შემდეგ მე ჩავრთე „ლაივი“, მეუფე დამემუქრა, რომ მოხევეები მოვიდოდნენ. სასტუმროს გარე პერიმეტრზე დაიწყო „ტიტუშკების“ მობილიზება, გავედი, რამდენიმე მათგანი გადავიღე და ამასობაში პოლიციაც მოვიდა.

-ასევე, ითქვა, რომ ზონდერები, თუ დაცვა მივარდაო…

-ჯერესერთი, არანაირი ხმაური იქ არ ყოფილა. ხმაური რომ ყოფილიყო მივატოვებდი ამ „ტიტუშკებს“ და დავეხმარებოდი დედაოს. თუ იტაცებდნენ აბა რა უნდა ექნა, ხმაური არ უნდა აეტეხა?! მე, მშვიდობიანი ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუზე მივედი, მაშინვე ვიდეოზარით ჩამრთო მეუფე გიორგისთან და რატომ არ ჩართო ეს ვიღაც გამტაცებლები, თუ სასტუმროს ტერიტორიაზე ასეთი ვიღაცები არსებობდნენ?! საპირფარეშოში ჩაკეტვა რაიყო?! მორიგი სპექტაკლი დადგეს! თან, იქვე იყო პოლიციის ორი ეკიპაჟი და ერთიც დამატებით მოვიდა. უკაცრავად, მაგრამ თუ, გამტაცებლები იმ ტერიტორიაზე იყვნენ, პოლიციისთვის უნდა მიეთითებინათ და დააკავებდნენ, ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომელშიაც ისინი ძალიან აირივნენ. პოლიციამ, თეკლე კუბლაშვილი ყაზბეგის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა და მეც ასევე. მოკლედ, მე როგორც ვიცი, ის ახლა იმყოფება მცხეთის სამხარეო სამმართველოში.

-ქალბატონო ელისო, როგორც ჟურნალისტს, რა ვარაუდები გაქვთ, რა შეიძლება მომხდარიყო, რასთან გვაქვს საქმე?!

 -ფაქტია, რომ ჯამდელიანი სინოდს აშინებს. მის, ყველა მრუშობაზე, თუ ბანდიტურ ქმედებაზე სინოდის რეაქცია არის ნული, ორი წელია საერთოდ არ შეკრებილან. ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი: თუ, ადამიანი მოკვლით გემუქრება, მას ზიარების უფლება ჩამოართვა და ეს იყოს მისი სასჯელი?! მამა გიორგი მამალაძის საქმეში, არც ერთი მოწმე არ იყო, არც „ციანიდი“ და რამდენი წელი იჯდა ციხეში?! ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი იმის გამო, რომ (ჩემი წყაროს ინფორმაციით) ჯამდელიანს არ უნდა იმ ფულისა და ძვირფასი ნივთების დაბრუნება, რომელიც მასთან იყო შენახული შინჯიკაშვილის მიერ.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ მეუფესგან თქვენი მისამართით „დივერსია“ განაპირობა იმან, რომ თქვენ (სოციალურ ქსელში) გაავრცელეთ მისი მეუღლის ფოტო?!

-დიახ, მე დავდე მისი მეუღლის ფოტო, მას ნამდვილად ჰყავს მეუღლე, ეს გახლავთ მარი ჯაფარიძე, რომელთანაც იმყოფებოდა ოფიციალურ, ხელმოწერილ ქორწინებაში, შემდეგ ეს ქორწინება გააუქმა და ამას იმით ხსნის, რომ ის უქონელი იყო, შეუძლო ოჯახის შვილი და იმიტომ მოაწერა ხელი, რაც არის ტყუილი. ჯაფარიძე საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილია და მისი დედა გახლავთ მესტიის მერის მოადგილე, საკმაოდ გავლანიანი ოჯახია სვანეთში.

ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა მეუფეს ფოტოს გამოქვეყნება ეწყინა, ისევე, როგორც მე მაქვს დოკუმენტები ეპარქიისთვის გადაცემულ მიწაზე, როგორ გახსნა მან „ტირ პარკი“ და „ბორდელი“.

 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აუდიო ჩანაწერში მონაზონი თეკლე კუბლაშვილი, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს უყვება, თუ, როგორ ახდენდნენ ზეწოლას (სისტემატურად) ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი შინჯიკაშვილი და მისი არაფორმალური დაჯგუფება, რის გამოც მონაზონს ეპარქიის დატოვებაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი. მონაზონს არა, მაგრამ შინჯიკაშვილს გუბერნიიდან წასვლა ნამდვილად მოუწია. მან თანამდებობა 2025 წლის 12 მაისს დატოვა, მიზეზად კი პირადი გადაწყვეტილება დაასახელა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შემოიფარგლა.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაში– ბრიუს რატომ ვეცემით? – რათა წამოდგომა ვისწავლოთ…”რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახაბერ ადამია: ისრაელსა და ირანს შორის ომში  ირანის რეჟიმი, ძალიან მოკლე დროში დამარცხდება