სინგაპურის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის შვილობილ სინგაპურულ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 750 მილიონი დოლარის განთავსება დაავალა.
კონკრეტულად საუბარია 742,73 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციასა და ხარჯების სახით გაღებულ 7,298,893,43 სინგაპურული დოლარის (პლუს პროცენტები) ოდენობის თანხაზე, რომლის ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდა სასამართლოს წინა გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა, თუმცა მოპასუხე მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას ითხოვდა, გადაწყვეტილების გასაჩივრების მოტივით.
მოპასუხე მხარეს თანხის ესქრო ანგარიშზე განთავსება სურდა, რაც სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად.
Credit Suisse-ის აქტივებს ამ დროისთვის UBS-ი ფლობს. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ამიტომაც მოსარჩელეებმა სთხოვეს მოპასუხეს, მიეღო ვალდებულება UBS-ისგან, რომ არ იტყოდა უარს საგარანტიო თანხის გადახდაზე.
„ეს საქმე იყო უაღრესად მწვავე, წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელშიც მოპასუხე ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელეთა პრეტენზიებს. მხარეებს შორის ორმხრივი უნდობლობა გაჩნდა და ვერცერთ საკითხზე სწრაფად ვერ თანხმდებოდნენ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა ერთ წელზე მეტი ხნის წინ შეიტანეს განცხადება მოპასუხის კუთვნილი სახსრების განაწილებაზე, თანხები მაინც გაუნაწილებელი დარჩა. მოპასუხის მიერ შეთავაზებული საბანკო გარანტია შეიცავდა დავის გადაწყვეტის მექანიზმს, რომელიც მხარეებს ავალდებულებდა დავის არბიტრაჟში წარდგენას. მოსარჩელეებმა სთხოვეს მოპასუხეს, მიეღო ვალდებულება UBS-ისგან, რომ იგი არ იტყოდა უარს საგარანტიო თანხის გადახდაზე რაიმე მიზეზით, გარდა საჭირო დოკუმენტაციის არარსებობისა, მაგრამ მოპასუხემ ვერ შეასრულა ეს ვალდებულება. მოსარჩელეს არ უნდოდა მესამე მხარესთან არბიტრაჟში შესვლა, თუ რამე დავა წარმოიქმნებოდა. სასამართლოს გაითვალისწინა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი არგუმენტები წამოჭრილ გაურკვევლობაზე და ასევე, ის ფაქტი, რომ საბანკო გარანტიის მომზადებას 30 დღე სჭირდებოდა და გადაწყვიტა, რომ ასეთი ტიპის უზრუნველყოფა არ იყო საკმარისი. რაც შეეხება მოპასუხის ალტერნატიულ შემოთავაზებას, რომ თანხა უნდა ინახებოდეს ესქრო ანგარიშზე, სასამართლომ ვერ ნახა იმის მტკიცებულება, რომ ესქრო ანგარიში არსებობდა ან მოპასუხე რომელიმე ესქრო აგენტს დაუკავშირდა“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საგარანტიო თანხა თუ გადახდილი იქნება სასამართლოსთვის, მოგებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ან დაიბრუნოს თავისი ფული სრულად, თითქმის დაუყოვნებლივ და დაკარგვის რისკის გარეშე.
„მოპასუხე ამტკიცებდა, რომ იგი ვერ მიიღებდა უფრო მაღალ კომერციულ საპროცენტო განაკვეთს, თუ თანხა განთავსდებოდა სასამართლოში, ვიდრე ესქრო ანგარიშზე. ამის მიუხედავად, სასამართლომ არ ჩათვალა, რომ ეს საკითხი გაამართლებდა გადახდას ესქრო ანგარიშზე და არა სასამართლოსთვის. შექმნილ ვითარებაში თანხა სასამართლოს ანგარიშზე უნდა განთავსდეს“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.