ბელარუსში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხება, ქართული ოპოზიცია ანალოგიურ სცენარს არც საქართველოში გამორიცხავს. “ოცნების” ოპონენტები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, შესაძლოა, ივანიშვილს სწორედ დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდებოდეს და სანქციების მოხსნის შესაძლებლობად ხედავდეს.
“მართმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ “ოცნება” სინდისის პატიმრებს პოლიტიკური გარიგებისთვის გამოიყენებს.
“როგორც ჩანს, ეს სჭირდება “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური გარიგებისთვის, რომ მძევლების გათავისუფლება გახდეს მისთვის მოალაპარაკების ერთ-ერთი შინაარსი და წინაპირობა. სხვა ახსნა არ აქვს ისეთი ადამიანების დაპატიმრებას, რომელთა ბიოგრაფიასაც რომ კითხულობ, უბრალოდ, გინდა, ინატრო, რომ შენს ქვეყანაში ასეთი ხალხი გყავდეს რაც შეიძლება მეტი”, – აღნიშნა ბესელიამ.
















