სიმონიშვილი – ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლებისგან რეალურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ. მეორეს მხრივ, ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, სიმონიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე საუბარი მათი მხრიდან ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, ვინაიდან ევროპარლამენტარები ამ საკითხზე საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები.

,,ჩვენი მხრიდან წამოჭრილი იყო ფუნდამენტური საკითხები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობის გაძლიერებას და დამოუკიდებლობის მოპოვებას. განსაკუთრებით საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, ასევე საარჩევნო სისტემაში გასატარებელ ცვლილებებს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებია. მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. აუცილებელია ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომ შემცირდეს პოლარიზება და სახელმწიფო ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად.

დეოლიგარქიზაცისთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის პოზიცია ცნობილია. ვხედავთ, რომ ერთადერთი არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანი ხელისუფლებასთან მიმართებაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილის ფაქტორზე ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, რომ ჩვენ გვესაუბრა, ისინი ამაზე საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები”, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

წინა სტატიაშიბორის ჯონსონი პარლამენტს – ყველას მადლობა მინდა გადავუხადო და Hasta La vista, baby
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა