“სიმბოლურია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს დაემთხვა”

გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს შეხვედრის განსაკუთრებულობა, რადგან ვიზიტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მოხსნას ემთხვევა.

„სიმბოლურია, რომ პრეზიდენტ ვეიონისის ვიზიტი ამ დღეს დაემთხვა. ლატვიამ დიდი წვილი შეიტანა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და შემდგომი გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო პარტნიორების მაღალი მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტველ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე.

მხარეებმა ბრიუსელში დაგეგმილი NATO-ს სამიტის და ამ სამიტზე საქართველოს ინტერესების წარმოჩენის საკითხების გარშემო ისაუბრეს.

აღინიშნა ბიზნესკავშირების გაძლიერების და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის აუცილებლობა, რათა სრულად იქნას ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება ლატვიური ბიზნესისათვის.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, “აბრეშუმის გზასა” და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. საუბარი ასევე შეეხო შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხს. ხაზი გაესვა ტურიზმის მაჩვენებლის ყოველწლიურად მატების ტენდენციებს.

ქართულმა მხარემ გამოთქვა ლატვიელი ინვესტორების და მეწარმეების საქართველოში მიზიდვის ინტერესი.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ლატვიის პრეზიდენტი სწორედ იმ პერიოდში იმყოფება საქართველოში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ წასვლა ევროპაში, გამომდინარე იქიდან, რომ ლატვია ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე.

ამავდროულად, ლატვია საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში და დღესაც შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. საკითხი შეეხო თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში და ვფიქრობთ, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი იქნება კიდევ უფრო ძლიერი სიგნალი და ახალი ნაბიჯი ლატვიისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების გზაზე“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს
პრეზდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია.

banner
წინა სტატიაში„საქართველო არის ევროპა“ – ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს ქართულად მიულოცა
შემდეგი სტატია„საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა“ – ირაკლი კობახიძე