„სილქნეტი“ -ვადასტურებთ, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში, დაიბლოკა კონკრეტული ვებგვერდები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 22, 2019 00:28

„სილქნეტი“ -ვადასტურებთ, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში, დაიბლოკა კონკრეტული ვებგვერდები

„სილქნეტი“ კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის დაბლოკილი გარკვეული ვებგვერდების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ საკითხს გამოვეხმაუროთ გარკვეულ ვებგვერდებთან წვდომის შეზღუდვაზე, რათა საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს განვუმარტოთ იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც ესოდენ ნეგატიურად აღიქმება.

მოხდა კონკრეტული ვებგვერდების დაბლოკვა. ეს ის გვერდებია, რომლებიც არალეგალურად ახდენდნენ იმ კონტენტის, კერძოდ ფილმების და სერიალების გავრცელებას, რაშიც კომპანიები, მათ შორის „სილქნეტი“ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე კანონიერად და პასუხისმგებლიანად, ყოველწლიურად, მილიონობით ინვესტიციებს ახორციელებენ. ის ვებგვერდები კი, რაც დაიბლოკა, ახდენდნენ ჩვენს მიერ ოფიციალურად მოპოვებულ ფილმებისა და სერიალების არალიცენზირებულად გავრცელებას მომხმარებელზე. ეს ხდებოდა ყველანაირი კანონის დარღვევით, ბიუჯეტში გადასახადების თავის არიდებით. მსგავსი ქმედებები აზარალებს როგორც ბიზნესს, ასევე ჩვენს ქვეყანას.

ვწუხვართ, რომ მომხმარებელს შეექმნა დისკომფორტი, იმის გამო, რომ ვეღარ ახორციელებს ამ ვებგვერდებთან წვდომას. გვინდა მივმართოთ როგორც ჩვენს მომხმარებელს, ასევე მთელს საზოგადოებას და განვუმარტოთ, რომ ეს ვებ გვერდები მიეკუთვნება პირატული, სახელმწიფოს გადასახადების გვერდით ავლით მოქმედ პირებს. ვიმეორებთ: ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს კომპანიას და ქვეყნის ეკონომიკას.

იმ პირობებში, როდესაც „სილქნეტი“ იგივე კონტენტის (ფილმების და სერიალების) მოპოვებისთვის მილიონობით ლარს იხდის, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ლიცენზირებული კონტენტი, პირატული ვებგვერდები მომხმარებელს აწვდიან არალიცენზირებულ კონტენტს. მსგავსი გარემოება ქმნის იმ წინააღმდეგობრივ სიტუაციას, სადაც, ერთის მხრივ, არის კომპანია მაღალი ხარისხის ლიცენზირებული კონტენტით და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებით და მეორეს მხრივ – პირატული ვებგვერდები, რომელთა უკან ბიუჯეტში გადასახადების გვერდის ავლით მოქმედი უპასუხისმგებლო მხარე დგას.

ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას, რათა გაემკაცრებინა რეგულაციები ამ კუთხით. ამის პარალელურად, მივმართეთ საზოგადოებას თხოვნით, რომ ერთად აგვემაღლებინა ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ამით ჩვენს საზოგადოებაში დაგვემკვიდრებინა ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას.

საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებდნენ ვებგვერდები, სადაც კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობდა. აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ფილმებზე არ ქონდათ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა, ისეთი კომპანიები, როგორიც „სილქნეტია“, მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტის და ფილმების შესაძენად. სწორედ ეს საიტები დაიბლოკა „სილქნეტის“ მიერ ზემოთ აღნიშნული მიზეზით.

გვინდა, მაქსიმალურად ღია ვიყოთ საზოგადოებასთან და ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენ კამპანიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ აღნიშნულ ინდუსტრიას დასჭირდება დიდი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რომ კანონი გახდეს გარანტი და დაინერგოს ეფექტური მექანიზმები, რათა სწრაფად მივუახლოვდეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა ქვეყნის შიგნით საავტორო უფლებების დაცვა და არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნა.

კომპანია „სილქნეტი“ არალეგალური ფილმების გავრცელების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს. ჩვენ, ჩვენი ბიზნეს პასუხიმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. ერთად შევქმნათ ისეთი ინტერნეტ სივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება.

ინფორმაციისთვის, განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში, დაიბლოკა კონკრეტული ვებგვერდები, რომლებიც არალეგალურად აწარმოებდნენ არალიცენზირებული კონტენტის გავრცელებას და წარმოგიდგენთ ამ ვებგვერდების ჩამონათვალს“, – აცხადებენ კომპანიაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 22, 2019 00:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,594
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics