სიკვდილი მელოდება, გთხოვთ, რუსეთში ექსტრადირებისგან დამიცავით – ალექსანდრ ბანდიუკოვი

რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ალექსანდრე ბანდიუკოვს, რომელიც 2018 წლიდან თავს საქართველოს აფარებს, ისევ რუსეთში ექსტრადირება ელის. საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტმა მას ჰუმანიტარული სტატუსი, რომელსაც საქართველოში შემოსვლიდან იყენებდა, 2021 წლის 27 იანვრიდან აღარ გაუგრძელა.

ამჟამად ბანდიუკოვი საავადმყოფოში იმყოფება და იქედან საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვან რუსეთში მისი ექსტრადირება, სადაც მას წამება და, შესაძლოა, სიკვდილიც ემუქრებოდეს.

“ვიცოდი, რომ თავს ვერ დავიცავდი რუსეთში და საქართველოში ამიტომ ჩამოვედი. მე დიდი და რთული გზა გავიარე, რუსეთის შსს-მ ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე აღძრა. ვიყავი არაადამიანური მოპყრობისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ასევე, ირღვეოდა ჩემი უფლებები.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი, ყველაფერს ვაკეთებდი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, თუმცა, ჩემი უფლებები აქაც დაირღვა და საბოლოოდ, ამას ჩემი ჯანმრთელობა შეეწირა, ამიტომ ვიმყოფები ახლა საავადმყოფოში. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ჩემი ექსტრადირება მოხდება, ვფიქრობ, სიკვდილი მელოდება.

ფსბ-ს ჩემი გაჩუმება მოუნდება და ვფიქრობ, არც ჩემი მოკვლა გაუჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, ისინი ჩემს მკვლელობას ბუნებრივ სიკვდილად გაასაღებენ. ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, – დამიცავით”, – ამბობს ალექსანდრე ბანდიუკოვი.

ცნობისთვის, ალექსანდრე ბანდიუკოვი იუჟნო-სახალინსკის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია. ის პუტინის რეჟიმის რიტიკით გამოირჩეოდა და მოსკოვში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდამჭერ აქციებშიც მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს