პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი მისი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს წლების განმავლობაში აწარმოებს. მინისტრის თქმით, დასავლეთი ამ რეალობას აქამდე არ აღიარებდა, თუმცა ამჟამად მიდგომა შეცვლილია.
სიკორსკიმ განმარტა, რომ მოსკოვის ქმედებები მოიცავს განზრახ მოწყობილ ხანძრებს, მკვლელობებს, შიდა პოლიტიკაში ჩარევას, მასშტაბურ დეზინფორმაციასა და სახელმწიფო ტერორიზმს.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ეს კომენტარი მოჰყვა ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ვარშავა შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა. დაზვერვის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ევროპაზე შეზღუდული ფორმის თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც დრონების გამოყენებას ან ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდებს გულისხმობს.
სიკორსკის განცხადებით, პოლონეთის მხარეს აქვს ინფორმაცია კრემლის გეგმების შესახებ და მოსკოვს მსგავსი ნაბიჯების გადადგმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.


















