,,სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო,ბახტაძემ ეს თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა და ამას უკავშირება მისი გადადგომა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო. მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ ეს თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა და ამას უკავშირება მისი გადადგომა.

ამასთან, ძიძიგური მომავალ პრემიერზე საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მხარდამჭერია.

​„როდესაც მამუკა ბახტაძე პრემიერად ავირჩიეთ, მაშინ თავის სამთავრობო პროგრამაში აცხადებდა, რომ უმუშევრობა იყო პრობლემატური საკითხი. ამავე დროს, ბანკებისა და მოსახლეობის საკითხებში მოსახლეობა გამოიყურებოდა ძალიან დაჩაგრულად, ისეთი რეგულაციები იყო. ეს რეგულაციები მამუკა ბახტაძემ შეცვალა, ასევე მან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო. ჩვენთვის ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე, თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა ბატონმა მამუკა ბახტაძემ ეს საკითხი და სწორედ ამას უკავშირება მისი გადადგომა.

ეს შეთანხმებული იყო მმართველ პარტიასთან. ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, წარმოუდგენელია ის ულტიმატუმის ენით მოსაუბრე წარმოიდგინოს. მას არ აქვს ასეთი მმართველობა. გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია გამოაცხადებს, მაგრამ მე ვარ გახარიას სრული მხარდამჭერი 20 ივნისის ამბებში და მიმაჩნია, რომ ბატონი გახარია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი და კარგი სახე ჩვენ მინისტრთა კაბინეტში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს. ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – გუნდის პერიოდული განახლება ემსახურება ახალ გამოწვევებთან გამკლავებას
შემდეგი სტატია,,თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულზე მქონდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან”