“სიგარეტის ბაზრის გახლეჩვა” -ხელისუფლების რეკეტის დოკუმენტური დადასტურება

დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რეკეტს ადასტურებს. „კურიერმა“ მოიპოვა წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილების ის სქემა, რომელზეც უკვე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერშია საუბარი.

ომეგა-სიგარეტის ბაზრის გახლეჩა – დოკუმენტი ამ სათაურით, „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერის მეილზე, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატისგან, ლაშა კალანდაძისგანგაიგზავნა. ეს არის წესდება, სადაც ცნობილი შეხვედრის დროს, დაფაზე დაწერილი რეკეტის სქემამ, კონკრეტული დოკუმენტის სახე მიიღო. წესდებაში დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა გადანაწილებულიყო წილები, „ომეგა ჯგუფს“, „თბილისის თამბაქოსა“ და ე.წ. ფონდს შორის, როგორც ირაკლი ჩუბინიშვილი სკანდალურ ჩანაწერში, პარტია „ქართულ ოცნებას“ მოიხსენიებდა.

დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი „ომეგა ჯგუფის“ წილები ზუსტად იმ სქემით ნაწილდება, როგორც ეს ირაკლი ჩუბინიშვილმა და ვანო ჩხარტიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის სახელით დაფაზე დაწერეს. 100%-დან წილის ნახევარი, 50% ე.წ. ფონდში, ანუ მმართველი პარტიაში ფინანსური დირექტორის პოსტზე დანიშნული პარტიის წარმომადგენლის გავლით ჩაირიცხებოდა, 25%-ით წილში „თბილისის თამბაქო“ – კომერციული დირექტორის სახით და დისტრიბუციის სრული მონოპოლიით შედიოდა, „ომეგა ჯგუფს“ კი მხოლოდ 25% და გენერალური დირექტორის პოსტი რჩებოდა, გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე.

თავისუფალი მედიის და ბიზნესის დატერორების საქმე, უკვე რამდენიმე კვირაა განხილვის მთავარ თემად იქცა. თუმცა, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და „იბერიის“ დამფუძნებლებს, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დღევანდელ დღემდე იყვნენ, საკუთარი პარტიისგან მხარდამჭერი განცხადებაც კი არ მოუსმენიათ. ეს მიზეზი დღეს ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ხმამაღლა დაასახელა და ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

სოლიდარობის სიტყვები ნატო ჩხეიძეს, უკვე ყოფილი თანაგუნდელებისგან არც ამ განცხადების შემდეგ მოუსმენია, პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი თავს იმით იმართლებდა, რომ საქმის კურსში არ იყო.

პარლამენტის დარბაზში დამოუკიდებელი მედიის და ბიზნესის ტერორი, მხოლოდ ოპოზიციამ გააპროტესტა.

 

banner
წინა სტატიაში„აღმოაჩინეთ საქართველო – ღვინის აკვანი“- ტორონტოში ფესტივალი გაიმართება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას აანონსებს