სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს – მდინარაძე

ღვანკითში მიადგა „ტვ პირველი“ ჩემს მოხუც მშობლებს, „რუსულ კანონს“ თუ ეთანხმებითო, ფაშიზმია მშობლებზე, შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ აგონიაში არიან. ფაშიზმის მორიგი გამოხატულება: როგორც ჩანს, გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა „ტვ პირველი“ ჩემს მოხუც მშობლებს. ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო… ეკითხებიან, სოფლის სახლი რით ააშენეთ და „რუსულ კანონს“ თუ ეთანხმებითო. დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. პირდაპირი განზრახვით ჩასული მკვლელები!

კანონზე ერთი არგუმენტი ვერ დადეს ამდენი თვეა და დედაჩემს ეკითხებიან, ქალი ფეხზე ძლივს დგას…

სახლის ხარჯებს რაც შეეხება, ჯერ მე მკითხეთ აქ ან დეკლარაციას ჩახედეთ, თეთრების სიზუსტით მიწერია, კრედიტი რამდენი მაქვს აღებული, რა გავყიდეთ, როგორ მოვახმარე შესაბამისი თანხა მშენებლობას, დეტალური განმარტებებიც კი მაქვს გაკეთებული დეკლარაციაში!

და საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს!! იმიტომ, რომ სწორედ მაგ მშობლებმა გამზარდეს ზუსტად ისე, როგორც მათ თავად იცხოვრეს მთელი ცხოვრება – პატიოსნად!!! თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი პატრონებიდან გამომდინარე, მაგრამ მოგიწევთ, დაიჯეროთ, რომ უმრავლესობის ლიდერსაც კი სჭირდება კრედიტების აღება, მშობლებს სოფლის სახლის აშენებაში რომ მიეხმაროს!

ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, ღირსებას და სიამაყეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას“, – წერს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშირეფერენდუმთან დაკავშირებით კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება – მსხილაძე
შემდეგი სტატიაფოთის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა