თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იქნება.
სიჭინავას თქმით, ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პერსონალურად დააანონსა სისხლისამართლებრივი დევნა გახარიასა და მისი გუნდის მიმართ:
„დათვალიერების ოქმები და დათვალიერების ოქმებზე თანდართული ვიდეოსიუჟეტები იქნება, სადაც აღწერილია ჩორჩანაში არსებული ვითარება. ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თანამდებობის პირის, მათ შორის თეა წულუკიანისა და ვახტანგ გომელაურის განცხადებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეცვალეს პოზიცია. 7 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ თურმე ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა ჰქონდა საგუშაგოს აღმართვას. მთავარი მტკიცებულება კი იქნება ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა გიორგი გახარიასა და მისი პოლიტიკური გუნდის დევნა“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ადვოკატი ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გახარიას პერიოდში შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ეს ოპონენტის რეპუტაციული შებღალვის მცდელობაა:
„ეს არის სრული უტიფრობა! არანაირ კორუფციასთან გიორგი გახარიას და მის პოლიტიკურ გუნდს კავშირი არასდროს ჰქონია. ვერაფრით რომ ვერ დააზიანეს გიორგი გახარია პოლიტიკურად, ახლა გაახსენდათ. რა შეიძლება უპოვონ გიორგი გახარიას, ჩხოროწყუში აშენებული ხის სახლი? ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავზე იფიქროს და იმ კორუფციულ სინდიკატზე, რომელსაც წარმოადგენს“, — აღნიშნა სიჭინავამ.
ცნობისთვის: გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ ტერიტორიების კონტროლი მოჰყვა.

















