ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარისგან განსხვავებით, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს ეყრდნობა, დაცვის მხარე გახარიას უდანაშაულობას ოფიციალური დოკუმენტებით ამტკიცებს.
„სიმბოლურად, დოკუმენტური მტკიცებულებებით დავიწყეთ, რადგან ბრალდების მხარეს მხოლოდ სუბიექტურად დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები მოჰყავს შეკვეთილი განცხადებებით. შესაბამისად, ჩვენ დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას. წარმოვადგინეთ და დავადასტურეთ, რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სიჭინავას განმარტებით, სასამართლოში გამოიკვლიეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2019, 2021 და 2024 წლების ანგარიშები, რომლებსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. უფლებადამცველის თქმით, ამ ანგარიშებში შავით თეთრზე წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან ევროკავშირი სუს-თან ერთად აფიქსირებდა უკანონო მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში, რაც რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ ტერიტორიაზე პრეტენზიებზე მიუთითებდა.
ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა გახარიას დაცვის კონსტიტუციური უფლება დაარღვიეს და მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდეს. აღნიშნულზე დარღვევა სახალხო დამცველმაც დაადგინა, თუმცა უწყებებმა ომბუდსმენის რეკომენდაცია არ შეასრულეს.
გარდა ამისა, პროცესზე წარადგინეს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის განცხადებაც, სადაც ის პროკურატურას გახარიას წინააღმდეგ დევნის დაწყებას „უწონებს“ და ჩორჩანას საგუშაგოს აღებას ითხოვს.
გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი (პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, გახარიამ 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რამაც საოკუპაციო ძალების მიერ ასამდე ჰექტარი ტყის მასივის კონტროლი და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა გამოიწვია.

















