ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და პირდაპირ კავშირშია მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან.
სიჭინავას თქმით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის პირას მცხოვრებ მოწყვლად მოსახლეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„ადგილობრივები, რომლებიც სასამართლო პროცესზე მოწმის სახით არიან წარმოდგენილები, მათი უმრავლესობა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული… ზოგი საჯარო მოხელეა, ზოგიც პარტიული მუშაკი, შესაბამისად, ამ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება სანდო. ეს პროცესები პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც „ოცნების“ 88-მა დეპუტატმა შეიტანა ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბების მიზნით“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ დეპუტატებს, რომლებმაც სარჩელს ხელი მოაწერეს, პერსონალურად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, რაც თავად „ქართული ოცნებისთვისაც“ კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.















