სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით – კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში შეაფასა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი „პრორუს ოლიგარქადაა“ მოხსენიებული

„ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით“ – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც „პრორუსი ოლიგარქი“.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები და არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

„არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე. ვნახეთ, როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს – ამაში იღებენ ფულს და შენიღბულია როგორც ლობიზმი. ხომ ნახეთ, FARA-ს დოკუმენტაციაში არაერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. მე ხომ არ ვიგონებ ამას. კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობ. საზოგადოებამ ნახა, როგორ მიიღებოდა რეზოლუციები, რომელზეც ივანიშვილზე არასწორი ინფორმაცია იწერებოდა. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია დემოკრატიით და ლობიზმით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობდა.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ შემოტევები იყო მეორე ფრონტის გახსნასთან და სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ეს განცხადებები ამოიღოთ და მოისმინოთ. პირდაპირ გვავალდებულებდნენ და გვავალებდნენ, რომ ხარაკირი გაგვეკეთებინა საკუთარი თავისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის – ეს იყო რეალობა, მაგრამ გამოვიჩინეთ პრინციპულობა, დავდექით ისე, როგორც ჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ეს პოზიცია გვექნება მომავალშიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკომიტეტი: 5-6 თებერვლის სტიქიის შედეგების შესასწავლად გელათში სპეციალისტთა ჯგუფი ჩავიდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია