უკრაინა საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების აღდგენასა და კოოპერაციის ახალი გზების მოძიებას ცდილობს. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრიი სიბიჰამ დაადასტურა, რომ მოლდოვაში, ევროსაბჭოს მინისტრთა სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
სიბიჰას თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ქართველი ხალხის არჩევანია, თუმცა დიპლომატიური კურსის ნორმალიზება აუცილებელია ეკონომიკური ბლოკადის თავიდან ასაცილებლად.
„საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოლდოვაში შევხვდი. ის ესწრებოდა ევროსაბჭოს საგარეო მინისტრების დონის შეხვედრას, რომელიც ეძღვნებოდა სპეციალური ტრიბუნალის დაფუძნებას. უნდა ვიპოვოთ მომგებიანი გზა, როგორ შეგვეძლება კოოპერაციის დაწყება. ვიმედოვნებ, ვიპოვით საერთო საფუძველს დიპლომატიური ურთიერთობების მოსაგვარებლად“, — აღნიშნა უკრაინის საგარეო მინისტრმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ სხდომაზე 37-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, თუმცა ოფიციალური თბილისი ამ ინიციატივას არ შეუერთდა.















